ამერიკელი სენატორები მიესალმნენ პრეზიდენტის მიერ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებას

ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციის ლიდერების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმნენ.

სენატორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ახლა საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას და კიდევ ერთი დაკავებულის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ აქციონერის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელიან.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რაც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს“, – აღნიშნეს სენატორებმა.

მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლება „ძლიერი სიგნალია“ მათთვის, ვინც 8 მარტის შეთანხმების მიღწევის პროცესში მონაწილეობდა. „პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და ეს ასეც მოხდება“, – განაცხადეს სენატორებმა.

შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას წინ ოპოზიციის განცხადება უძღოდა, რომ ისინი „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ გარეშე საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ მმართვველ პარტიას „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ პირობა არ დაუდია.

12 მაისს სენატორმა რიშმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, მათ შორის, გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და ახალ საარჩევნო სისტემაზე პროგრესს მიაღწევენ“.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სენატორ რიშის განცხადება „ერთმნიშვნელოვნად არასწორ ინფორმაციას“ ეფუძნებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)