სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის მახლობლად „ბორდერიზაციის“ შესახებ საუბრობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 16 მაისის განაცხადებით, რუსული საოკუპაციო ძალები ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციას“ ახორციელებენ.
უსაფრთხოების სამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადეს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ „ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა“.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აღნიშნა სუს-მა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)