ბორჩალოს მუსლიმები: დავიცავთ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას
გაზ. ერთობა, 1920 წლის 19 მაისი, N111
ბორჩალოს მუსულმანობა
14 მაისს ბორჩალოს მუსულმანთა ნაციონალურმა ყრილობამ შემდეგი რეზოლუცია მიიღო: ბორჩალოს მუსულმანთა ნაციონალურმა ყრილობამ განიხილა რა დღევანდელი მომენტი, დაადგინა: „ადერბეიჯანის რეაქციონურმა მთავრობამ, რომელიც არ იყო პოპულარული მასსაში, ვერ შესძლო შეკავება ჩრდილოეთიდან მომდგარ ანარქიისა, შემოუშვა თავის ტერიტორიაზე ბალშევიკური ჯარები და ამით დაღუპა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რომელიც დიდი მსხვერპლის გაღებით მოიპოვა ხალხმა. ანარქია, რომელიც დაპარპაშობს, თავის მოღვაწეობას არ კმარობს ადერბეიჯანით და სურს თავის ტალღებით წალეკოს საქართველოს დამოუკიდებლობა, სურს აქაც დააყენოს სისხლის მორევი და დაანგრიოს ის მშვიდობიანი ცხოვრება, რომელიც სისხლით არის მოპოვებული. საჭიროა საქართველოში მცხოვრებმა მუსულმანებმა მთავრობას დახმარება აღმოუჩინონ რესპუბლიკის დაცვის საქმეში. ამასთანავე ყრილობა უჭერს რა მხარს მთავრობას, გამოსთქვამს სურვილს, რომ მთავრობა და დამფუძნებელი კრება მომავალშიაც, როგორც საქართველოს ღვიძლ შვლებს, კარგად უყურონ მათ და გამონახულ იქნას ის საშუალებები, რომელთაც დაკმაყოფილებულ იქნება მუსულმანთა საარსებო ინტერესები.
დაე, დარწმუნებული იყოს დამფუძნებელი კრება და მთავრობა, რომ ბორჩალოს დემოკრატია მთელი თავისი ძალ-ღონით გვერდში ამოუდგება საქართველოს დემოკრატიას, რათა დაიცვას თავისუფლება და დამოუკიდებლობა საერთო მტრებისგან“.