ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში წარადგინეს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 19 მაისს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილა, რომელიც ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა მოამზადა.

დადებითად შეაფასა რა ასოცირების შეთანხმების შესრულება და რეფორმების და კანონმდებლობის კუთხით მიღწეული პროგრესი, ევროპარლამენტარმა მიკსერმა რიგ პრობლემებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას, რომელიც „კვლავ სავალალოა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებში არსებული ხარვეზების გამო“, ასევე „ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, რამაც სამართლებრივი სისტემის მიუკრძოებლობის შესახებ წუხილები აღძრა“.

ვიდეოკონფერენციის დროს, ევროპარლამენტარმა მიკსერმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს და ხაზი გაუსვა, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების  პატივისცემა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები“.

აღნიშნა რა, რომ ევროპარლამენტის ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე მისი ლეგიტიმური მისწრაფებების მიმართ, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირდეს, სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ „ამ ძალისხმევის წარმატება განპირობებულია იმით, თუ რამდენად შეძლებს საქართველო საჭირო რეფორმების განხორციელებას“.

„მიმაჩნია, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, 8 მარტის შეთანხმება სრულად განხორციელდეს“, – დასძინა მიკსერმა.

ანგარიშის პროექტში ევროპარლამენტარმა მოუწოდა ქართულ პარტიებს, უზრუნველყონ, რომ 8 მარტის შეთანხმება კანონში აისახოს და რაც შეიძლება სწრაფად და სრულად განხორციელდეს. მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „სწრაფად და სრულად განახორციელოს“ OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები.

ანგარიშის პროექტში გამოხატულია შეშფოთება ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე, რასაც „პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზება მოჰყვა“. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტებს პატივის სცეს, რისი ვალდებულებაც მან ასოცირების შეთანხმებით აიღო“.

ანგარიში ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გადახედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს თან სერიოზული ხარვეზები ახლდა.

ანგარიში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მუდმივ დარღვევას.

დოკუმენტი საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის განხორციელების დაჩქარებისკენ და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოებისკენ მოუწოდებს, გარემოს დაცვის შესახებ ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)