ჩვენი ომის თავდაცვითი ხასიათი
გაზ. ერთობა, 1920 წლის 20 მაისი, N112
საბჭოთა რუსეთთან საქართველოს ზავი აქვს ჩამოგდებული, მაგრამ ამავე დროს ადერბაიჯანის მხრიდან მის საზღვრებს აწვებიან იმავე საბჭოთა რუსეთის ჯარები. ჩვენ აქამდის არ ვიცით როგორ უყურებენ ცენტრში ადგილობრივ ბოლშევიკების მოქმედებას. ამიტომ ჩვენი რესპუბლიკა მოვალეა მუდამ მზათ იყოს თავის საზღვრების დასაცველად. სანამ თავიდან არ აგვცილდება საზოგადოთ „ბალშევიკური საფრთხე“, ე.ი. სანამ მოსკოვის მთავრობა თავის ჯარების ამიერ კავკასიაში მოქმედ ნაწილებს არ ალაგმავს, მანამდე საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის ჩამოგდებული ხელშეკრულება განაღდებულად ვერ ჩაითვლება და დიდს ღირებულებას არ წარმოადგენს და საქართველოშიც არ დაცხრება ის საბრძოლველი აღტყინება, რომელიც მას ყოველთვის სჩვევია გარეშე საფრთხის დროს.
მაგრამ ამ საბრძოლველს აღტყინებას არაფერი აქვს საერთო იმპერიალიზმთან და თავდასხმითი ლტოლვილებასთან. იგი წმინდა თავდაცვითია. დღიდან თავის დამოუკიდებელ არსებობისა, დემოკრატიულ საქართველოს არც ერთი ისეთი ნაბიჯი არ გადუდგამს, რომ მას თუნდაც არაკეთილის მოსურნემ დასწამოს თავდასხმითი ლტოლვილება. იგი მუდამ თავდაცვის პოზიციაზე მდგარა. დღესაც, როდესაც იგი ბნელს ომს აწარმოებს, იგი ამ პოზიციას ერთი ნაბიჯითაც არ სცილდება. ადერბეიჯანთან საქართველოს ბევრი რამ სადავო ჰქონია, მაგრამ არც ერთი შეიარაღებული შეტაკება მასთან არ მოსვლია და მთელს ამიერკავკასიის პოლიტიკაში მას მუდამ შეჰქონდა ის პრინციპი, რომ ყველა საკითხები უნდა კეთილმეზობლურად წყდებოდეს. ორი წლის განმავლობაში საქართველომ შესძლო ადერბეიჯანიც ამ ჩარჩოებში შეეჩერებინა. მაგრამ როგორც კი ადერბეიჯანში გაბატონდენ „კომუნისტები“ და როგორც კი მის სათავეში მოექცენ კომუნისტურად მონათლული თურქოფილები ერთბაშათ სურათი შეიცვალა, ორი წლის მტკიცე მშვიდობიანობა მაშინვე გაქრა და ადერბეიჯანშის მხრით საქართველოზე თავდასხმას დაუთმო ადგილი.
დღეს ადებეიჯანელ თავმდამსხმელთათვის აშკარა უნდა იყოს, რომ საქართველოს დაჩაგვრას იგი ვერ შესძლებს „წითელ ჯარებს“ დახმარებითაც კი. ჩვენმა მეომრებმა უკვე დაუმტკიცეს მათ, რომ ისინი ყველას შეანანებენ დემოკრატიულ სამშობლოზე თავდასხმის განზრახვას. ომის მიმდინარეობა, ყოველდღიური შეუდრეკელი წინ წაწევა და ყაზახთან მიახლოება უკვე არავითარ ეჭვს არ სტოვებს, რომ საქართველოს შესწევს ძალა წინ წაიწიოს ომი გადაიტანოს მტრის ტერიტორიაზე და აგრესიული ხასიათი კი მისცეს თავის სამხედრო მოქმედებას. მაგრამ საქართველოს ეს არ უნდა, იგი მუდამ მზათ არის სისხლის ღვრა შეაჩეროს და მშვიდობიანობა ჩამოიგდოს ოღონდ კი მტრის მხრით დაინახოს გულწრფელი სურვილი თავდასხმაზე ხელის აღებისა. დემოკრატიას მუდამ ეზიზღებოდა სისხლის ღვრა და ამ პრინციპს არც საქართველოს დემოკრატია გადაუხვევს.
ადერბეიჯანმა და მის მოკავშირე ძალებმა დაიწყეს მტრული მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ. იქნება ის ეს მტრული მოქმედება იმ იმედით იყო გამოწვეული, რომ საქართველოს აღებას ისინი სულ ადვილად შესძლებენ. იქნება ადგილობრივმა ავანტიურისტებმა გადაადგმევინეს მათ ეს უგუნური ნაბიჯი. დღეს მათთვის აშკარაა, რომ ეს შეცდომა მათ ძვირათ დაუჯდათ და კიდევ უფრო ძვირად დაუჯდებათ, თუ ამ შეცდომის გამოსწორებას სისხლის ღვრის საშუალებით მოინდომებენ. მათ დარჩენიათ მხოლოდ ერთი გონიერი გზა – გზა თავის შეცდომის აღიარებისა და თავდასხმის შეწყვეტისა. საქართველოს დემოკრატია, რომელიც დღეს ასე ერთსულოვნად არის ფეხზე დამდგარი მოსულ მტერზე საიერიშოდ, ისე ერთსულოვნად შეაჩერებს თავის შეტევას, როგორც კი დარწმუნდება, რომ ადერბეიჯანმა თავის შეცდომა გულწრფელად შეინანა, რომ იგი მზათ არის თავდასხმის განზრახვებზე ხელი აიღოს და საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჩამოაგდოს.
ჩვენი დემოკრატია ელოდება ამ წამს.