ვანის მიტროპოლიტის ანტიდასავლურ გზავნილებს კრიტიკა მოჰყვა
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას მიერ გაჟღერებულ ანტიდასავლურ გზავნილებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალ იერარქთა კრიტიკა მოჰყვა.
„თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულვებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. სერიოზულად ვფიქრობ და, ალბათ, სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს გვინდა თუ არა ასეთი ევროპა“, – თქვა მიტროპოლიტმა.
მიტროპოლიტის დაცვა 25 მაისს „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ სცადა. ჯაღმაიძის თქმით, ანტონ ბულუხიამ „ბევრი ადამიანის გულისტიკივილი გამოხატა“ და დასძინა, რომ მიტროპოლიტის ნათქვამი წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების მხრიდან ეკლესიაზე მიტანილი „შეტევების, არასწორი და ცილისმწამებლური“ კამპანიას უნდა მივაწეროთ.
მიტროპოლიტის ქადაგება 25 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI)„ანტისახელმწიფოებრივ“ განცხადებად და ქვეყნის მოქალაქეებისა და სახელმწიფოს „შანტაჟის“ მცდელობად შეაფასა. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის ამბიონიდან გაჟღერებული მსგავსი გზავნილები ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ კურსს, კონსტიტუციასა და საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას ეწინააღმდეგება.
მიტროპოლიტ ბულუხიას ანტიდასავლურ სენტიმენტებს 26 მაისს ირიბად მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძეც გამოეხმაურა. მარგვეთელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ „მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან. მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა“.
ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძის თქმით, „ბევრი ჩვენი თანამემამულის“ მიერ „ე.წ. ნეიტრალიტეტის“ მოთხოვნის განცხადებები „რბილი ძალისა“ და „პირდაპირი რუსული პროპაგანდის“ გავლენითაა გაკეთებული.
„[ე.წ.] ,,ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას“, – დაწერა ხაჩიძემ Facebook-ზე და დასძინა, რომ „ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა“, იმის გარანტია იქნება, რომ „მტერი [საქართველოს] დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება“.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროკავშირის დელეგაციის მიერ მომზადებულ ვიდეოში მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია საუბრობდა, რომ „მძლავრი პროპაგანდა, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან, არ ჩერდება“. ამ კონტექსტში, მაშინ მიტროპოლიტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიაში ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდული ჯგუფზეც საუბრობდა.
„ვიცით, როგორი უნდა იყოს ცივილიზებული სამყარო და როგორ უნდა ცხოვრობდნენ ცივილიზებული ადამიანები. ამისი მაგალითი ვნახეთ ჩვენ ევროპაში“, – ამბობდამაშინ მიტროპოლიტი.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის რამდენიმე წევრთან ერთად, იმ სამუშაო ჯგუფის წევრიც იყო, რომელიც 2017 წლის 21-25 თებერვალს ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც სასულიერო პირთა დელეგაცია ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ნატოს მუშაობას გაეცნო.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)