სოფლებსა და დაბებში მოქალაქეებმა დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 29 მაისი, N118
პროვინციაში
სოფელი ახალქალაქი (გორის მაზრა)
მრავალ რიცხოვანი მიტინგი შეკრებილი სოფელ ახალქალაქში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ორი წლის თავზე მხურვალე სალამს უძღვნის მთავრობას და დამფუძნებელ კრებას ულოცავს დიდებულ დღესასწაულს და ფიცს დებს, რომ პირველ დაძახებისთანავე მზათ იქნება დაიცვას უკანასკნელ სისხლის წვეთამდე საქართველოს დამოუკიდებლობა.
მიტინგის თავმჯდომარე დ. კალატოზიშვილი
ძველი სენაკელები 26 მაისს საზეიმოთ შეკრებილი მოკრძალებით მიესალმება მის მოამაგე მთავრობას და რესპუბლიკის ვერაგ მტერთაგან მკერდით დამცველ ლაშქარს და აღუთქვამს ჭირში და ლხინში მათთან ყოფნას.
ზეიმის თავმჯდომარე რაფაელ გამსახურდია
ნაქალაქევის [სენაკის მაზრა] მრავალ რიცხოვანი კრება მხურვალედ მიესალმება და ულოცავს საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას ერის ბრწყინვალე დღესასწაულს – 26 მაისს. კრება ფიცსა სდებს, რომ ის მტკიცეთ დაიცავს მთავრობის ნაბიჯებს თავისუფლების და დამოუკიდებლობის გასამტკიცებლად გადადგმულთ.
კრების თავმჯდომარე გრიგოლ როგავა
ბანძა [სენაკის მაზრა]. 26 მაისის დღესასწაულის პატივსაცემად შეკრებილი ზღვა ხალხი ბანძისა, აბედათისა, ღოლეკის საზოგადოებათა მხურვალე სალამს უძღვნის რა ჩვენს მთავრობას და სახელოვან ლაშქარს, ულოცავს მატ საქართველოს აღდგომისა და განახლების დღეს, უსურვებს მათ კვლავ მტკიცე და ფხიზელი დამცველი ყოფილიყვნენ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და თავისუფლების. ჩვენი აზრი და ზრუნვა მუდამ ჩვენს ლაშქართან არის და იქნება. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!
მიტინგის თავმჯდომარე ექვთიმე ფანცულაია
საჩხერის რაიონის [შორაპნის მაზრა] მრავალრიცხოვანი მიტინგი ულოცავს დამფუძნებელ კრებას და მთავრობას 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს. მიტინგი ენერგიულად მხარს უჭერს მთავრობას და შეებრძოლება ყოველივე მტერს რესპუბლიკისას, იბრძოლებს უკანასკნელ სისხლის წვეთამდე საქართველოს რესპუბლიკის და რევოლუციის მონაპოვართა შესანარჩუნებლად.
მიტინგის თავმჯდომარე კაპანაძე
მიქელ გაბრიელის [ოზურგეთის მაზრა] თემის მრავალ რიცხოვანი მიტინგი შეკრებილი 26 მაისის დღესასწაულზე მიესალმება დამფუძნებელ კრებას, მთავრობას, ჯარსა და გვარდიას და გამოსთქვამს ღრმა რწმენას, რომ დამოუკიდებელი საქართველო შესძლებს პასუხი გასცეს მუხანათურად თავდამსხმელთ საიდანაც არ უნდა იყოს ის. თავის მხრით მიტინგი აღიარებს, რომ ის მზათ იქნება ყოველ საჭიროების დროს დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა.
მიტინგის თავმჯდომარე იაკინთე ჩხაიძე