თბილისი სადამკვირვებლო ფრენების შესახებ რუსეთის შეთავაზებას აკრიტიკებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზოლში სადამკვირვებლო ფრენების შესახებ მოსკოვის განცხადებას უპასუხა და მას „ცინიკური“ უწოდა. საგარეო უწყებისვე თქმით, რუსეთი შეთანხმების „პოლიტიკური მიზნებისთვის“ გამოყენებას ცდილობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, რუსეთი აგრძელებს „უშედეგო მცდელობებს“, რომ ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის „ერთგვარ ინსტრუმენტად“ გამოიყენოს.
უწყების განმარტებით, მისი ეს პოზიცია რუსეთმა 2018 წელს „ღია ცის“ საკონსულტაციო სხდომაზეც გააჟღერა. სამინისტროს შეფასებით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი „პოლიტიკური მიზნებისა“ და „დღის წესრიგის“ შეცვლას არ აპირებს.
„ორი წლის განმავლობაში, საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი უარი ეთქვა პოლიტიზირებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ასევე დასძინეს, რომ ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან მიმართებით ხელშეკრულების იმპლემენტაცია 2012 წელს შეაჩერა.
სამინისტროს მტკიცებით, სხვა ქვეყნების დადანაშაულებით, რუსეთი ხელშეკურლების მის მიერვე დარღვევის „გადაფარვას“ ცდილობს.
- რუსეთი „ღია ცის“ შეთანხმების დარღვევას უარყოფს
- რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტის ხელყოფის გამო აშშ „ღია ცის“ ხელშეკრულებას ტოვებს
აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 21 მაისს განაცხადა, რომ აშშ „ღია ცის“ ხელშკრულების დატოვებას გეგმავს. მან მიზეზად რუსეთის მიერ შეთანხმების მუდმივი დარღვევა დაასახელა. აშშ-ის პოზიციას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველომ და განმარტა, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ‘მუდმივ კომუნიკაციაშია“, რათა განსაზღვროს, როგორ გაარძელებს ქვეყანა ხელშეკრულებაში მონაწილეობას.
„ღია ცის“ შესახებ 1992 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება, საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც 35 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)