რესპუბლიკის მოქალაქეები ფრონტზე მყოფ ჯარს ეხმარებიან
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 მაისი, N117
ფრონტის დღეები
რამოდენიმე დღეა, რაც ფრონტზე სამხედრო მოქმედება შეჩერდა. ვერაგი მტერი ზავს თხოულობს…
საქართველოს დემოკრატია მზად არის მშვიდობიანობისა და სოლიდარობის დასამყარებლად, ის მტერზე გამარჯვების დროსაც მუდამ ერთა სოლიდარობის პრინციპით ხელმძღვანელობდა, ის არასოდეს არ გაუტაცია იმპერიალისტურ სულისკვეთებას, ეს მის საარსებო პროგრამაში არ შედის, მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ თავის საკუთრებას კი უსიკვდილოთ არ დათმობს, და ეს ხომ მან საქმით რამოდენიმეჯერ დაამტკიცა.
ამისათვის საზავო წინადადებას საქართველოს ხალხი და მისი მთავრობა, მიუხედავათ ჩვენი ძლევამოსილი სამხედრო ძალების ფრონტზე გამარჯვებისა, მაინც სიამოვნებით შეეგება, მას სისხლი არ სწყურია, ის გაცილებით უფრო ძვირად აფასებს თავის თვითეული მოქალაქის სიცოცხლეს, რომელიც დღეს გმირულად იცავს რესპუბლიკის საზღვრებს შემოსულ მტერთაგან. ამგვარათ ჩამოვარდნილია დროებითი ზავი, სწარმოებს საზავო მოლაპარაკება.
რასაკვირველია საქართველოს დემოკრატიისათვის მისაღებია ისეთი ზავი, რომელიც ერთხელ და სამუდამოთ ჩაუკლავს მტერს მადას ჩვენი ჩაყლაპვისას, რომელიც სრულიად უზრუნველ ყოფს ჩვენი საზღვრების მთლიანობას, რომ არასოდეს აღარ იყოს მოსალოდნელი მათი ვერაგული თავდასხმა, რასაკვირველია, ასეთ ზავს ყოველთვის სიამოვნებით მიიღებს საქართველოს დემოკრატია.
მათ ერთ წუთსაც არ დააბრმავების, არ აღუძრავს მტაცებლის სურვილს ფრონტზე ჩვენი ჯარების გამარჯვება. მანამ სანამ ჯერ კიდევ ხელთ არ გვაქვს ნამდვილი ზავი. სანამ ჯერ ვერ ვხედავთ საბოლოო, საპატიო ზავის გარანტიებს, მანამ ჩვენ ერთ წუთსაც არ უნდა შევანელოთ ომისათვის სამზადისი. დღეს მთელი ქართველი ერი იბრძვის, ყველა, სულ ყველა ღებულობს მონაწილეობას, ვისაც რით ან როგორც ეხერხება და ასეთი მდგომაროება უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ არ ვეღირსებით ნამდვილ ზავს.
დღეს და ხვალ ფრონტის დღეებია; ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს დემოკრატიას არ დაზოგოს თავისი ძალ-ღონე ფრონტისათვის, მის გამარჯვებისათვის. იმდენათ მტკიცე და ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება საზავო პირობები, რამდენათ ჩვენში იქნება ერთსულოვნება, მზრუნველობა ფრონტისადმი; მარტო სახელმწიფოსათვის ძნელია ომით გამოწვეული ხარჯების გაწევა, საჭიროა საზოგადოებრივი, მასიური დახმარება, ვისაც რით შეუძლია: ფულით, სანოვაგით, ტანსაცმელით და სხვა.
ჩვენი მებრძოლთ გმირული სულისკვეთება მაშინ აღწევს უმაღლეს წერტილამდე, როცა ხედავს, რომ ის აქ მარტო არ არის, რომ მასთანაა მთელი ერი, რომ მისთვის და მის ოჯახებისთვის მზურნველობას ეწევა ფართო მასა.
უმეტესად ასეთ დახმარებას აქვს მორალური ხასიათი, ის სულიერად აკავშირებს ზურგს ფრონტთან.
ჩვენ მებრძოლთ ასეთი თანაგრძნობისა და ყურადღების შემდეგ გაუორკეცდებათ გმირული სული. მატ ცოლზე, შვილზე, მშობელზე ფიქრი და დარდი აღარ შეაწუხებს – რადგანაც ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ მათთვის მთელი ერი ზრუნავს. ფრონტის დამხმარე კომიტეტის მოწოდებას ტფილისის მოზარდი თაობა საკმარისი თანაგრძნობით გამოეხმაურა, ორი სამ დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა დენა მოსწავლეთა, რომლებიც ჯარისათვის უხვი საჩუქრებით ხალისიანად, იმედიანი სიცილით მიეშურებოდა კომიტეტისაკენ.
უყურებთ ყოველივე ამას, გული ბრწყინვალე მომავლის იმედით გევსებათ და ერთხელ კიდევ ამბობთ: არა, არა, საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მას ვერავითარი ძალა ვერ მოსპობს… დღეს ჯერი შენზეა, უფრო შეგნებულო და მომწიფებულო მოქალაქევ, იზრუნე, დაეხმარე შენი არსებობისათვის მებრძოლთ. ნუ დაიზოგავ თავს, ამას მოითხოვს შენგან სამშობლოს მოვალეობა. ეშურე საჩქაროდ მოიხადე შენი ვალი.
გულცივობა დანაშაულად ჩაგეთვლება…