უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე აირჩია
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 29 მაისის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლით ვასილ როინიშვილი აირჩია. როინიშვილი თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
სხდომას 24 წევრიანი პლენუმიდან, რომლის წევრიც თავად ვასილ როინიშვილიც არის, 21 ესწრებოდა. უზენაეს სასამართლოში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ როინიშვილის კანდიდატურას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი ორი იყო, ერთმა კი – თავი შეიკავა. თავად როინიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ვასილ როინიშვილი, რომელიც პლენუმს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ წარუდგინა, უფლებამოსილების შესრულებას ფიცის დადების დღიდან შეუდგება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში ზაზა თავაძეს ჩაანაცვლებს, რომელიც 2016 წლიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა და მოსამართლეობის 10 წლიანი უფლებამოსილება 15 ივნისს ეწურება.
წინა ხელისუფლების დროს, 2008 – 2009 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. 2006 – 2008 წლებში მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2004 წელს როინიშვილი ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის დროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში მუშაობდა. 2003 – 2004 წლებში კი – იგი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
ვასილ როინიშვილის არჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანის“ მხარდაჭერა ჰქონდა და ამ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ „კლანის გავლენები“ გაიზარდა.
მისივე განმარტებით, ვასილ როინიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 10-წლიანი ვადა 2019 წლის დეკემბერში ეწურებოდა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მას სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა.
ჯანეზაშვილისვე თქმით, როინიშვილი უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაც იყო, რომელიც იუსტიციის საბჭომ დეკემბერში პარლამენტს წარუდგინა.
ვასილ როინიშვილის არჩევა მოძრაობა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა კონსტიტუციის დარღვევით წარიმართა, რამდენადაც მისი „კვალიფიკაციისა“ და „უზადო რეპუტაციის“ სათანადო შემოწმება არ მოხდა.
უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას არსამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ (საია) გამოეხმაურა და თქვა, რომ კანდიდატის დანიშვნის დროს სხდომაზე „ჯეროვანი“ დისკუსია არ გამართულა.
„საია უარყოფითად აფასებს პლენუმის გადაწყვეტილებას და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
სასამართლო სისტემაში არსებულ „კლანზე“ დასმული კითხვების საპასუხოდ, ვასილ როინიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი კლანი არ არსებობს, თუმცა, დაადასტურა, რომ მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან მიხეილ ჩინჩალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
მიხეილ ჩინჩალაძემ კი განმარტა, რომ საკითხზე კონსულტაციები ერთი დღით ადრე ჰქონდათ და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ცნობილი იყო, რომ ამ თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „დიდი ალბათობით“, ვასილ როინიშვილის კანდიდატურას დაასახელებდა. მისივე თქმით, კონსულტაციების დროს, სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა. თუმცა, ჩინჩალაძეს მათი ვინაობა არ დაუსახელებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)