თვითმმართველობებს ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების დაცვა დაევალათ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 30 მაისი, N118
ისტორიულ-არქეოლოგიური შენობების დაცვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი შინაარსის ცირკულიარი გაუგზავნა ერობათა და ქალაქთა თვითმართველობებს.
„როგორც დამფუძნებელ კრების ხელოვნების კომისიის მომართვიდან სჩანს, საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში გაფანტულ არქეოლოგიურ და ხელოვნურ მნიშვნელობების შენობები და ნივთები უყურადღებობის გამო ფუჭდებიან და სპეკულიაციის საგნად ხდებიან.
გატყობინებთ რა ამას კანცელარია გთხოვთ მიიღოთ ზომები, რათა თქვენ რაიონში არსებულ ისტორიულ-არქეოლოგიური შენობები, როგორიც არის ციხე-კოშკები, ძველი საყდრები, მონასტრები და სხვა, დაცულ იქნან დანგრევისაგან და თავის დროზე შეკეთებული, თუ კი ისინი ამას მოითხოვენ. ამასთანავე გევალებათ წარმოადგინოთ სამინისტროში ცნობები იმის შესახებ, თუ რა ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობის საგან-ნივთები მოიპოვება რაიონში, რომელთა გამოტანა შეიძლებოდეს ტფილისში საქართველოს მუზეუმისათვის გადასაცემათ“.
This post is also available in: English (ინგლისური)