საქართველო, ინგლისი და ბათუმის საკითხი
გაზეთი ერთობა 1920 წლის 1 ივნისი, N120
ჩვენ და ინგლისი
ევროპის გამარჯვებულ კოალიციაში პირველი ადგილი ინგლისს უჭირავს. იგია დღეს ფაქტიურად მსოფლიოს ბედის გადამწყვეტი მთავარი ძალა. და ჩვენთვის, როგორც პატარა სახელმწიფოსთვის, ეს ყველაზე უფრო ცხადია.
დღეს ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებელ საქართველოში თავისუფალ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ჩვენ წინ გადაშლილია შესაძლებლობა ევროპის კულტურის უმაღლეს ფორმების მიღებისა, შეთვისებისა, მონაწილეობისა. ქართველი ხალხი გრძნობს საკმაო ძალას და ენერგიას, რომ კულტუროსან ერებთან საკაცობრიო ჭაპანში შესაფერი ადგილი დაიჭიროს და განვითარების პროცესში თავისი მცირედი წვლილი შეიტანოს. ჩვენ ვგრძნობთ თავს ევროპიელ ერათ, ან ისეთად, რომლის წარსული ევროპის მოტრფიალე იყო, აწმყო მასთან შეკავშირებაა, მომავალი მასთან თანაბარობა.
აღმოსავლეთის ჩარჩენილობის ჯაჭვი გაწყვეტილია ჩვენთვის.
და აი ეს არის მთავარი, რაც უნდა გახდეს ხიდათ და გზათ ჩვენსა და იმ ევროპის სახელმწიფოთა შორის, რომელთაც ჩვენში ფეხი შემოუდგამთ.
და ერთი ამათგანი და უმთავრესიც არის ინგლისი.
ინგლისის ძალა სდგას დღეს ბათომის რაიონში, რომელიც ჩვენი ერის განუკვეთელი ნაწილი, ჩვენი ორგანული მთლიანობის აუცილებელი ელემენტია და ამით საკითხი ბათომის – რომელსაც ჩვენთვის საარსებო მნიშვნელობა აქვს, გახდა საკითხად ინგლისის დამოკიდებულებისა ჩვენთან.
„ჩვენ და ბათუმი“ გადაიქცა საკითხად „ჩვენ და ინგლისი“.
მართალია, ბათუმში დგას ძალები საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოებისაც, მაგრამ ვიმეორებთ, გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს სწორედ ინგლისს.
იგი არა მარტო გადამწყვეტი ფაქტორი ამ საკითხში, არამედ ყველაზე მეტად დაინტერესებულია საერთოდ ამიერ-კავკასიის პრობლემით.
მისი ნების გარეშე არავის შეუძლია ბათომის ცხოვრების შეშფოთება, მისი ნების გარეშე არავის შეუძლია ბათომის საკითხში ჩვენთან დადავება. მისი ნების გარეშე არავის შეუძლია ბათომზე საქართველოს უფლებაში იჭვი შეიტანოს.
თვით სომხეთის დიპლომატიის განუსაზღვრელი პრეტენზიობაც კი ვერ შებედავდა ამ საგანს შეხებოდა გარეშე ამ დიდი სურვილისა.
მით უმეტეს ვერავინ შებედავდა აქ რაიმე უწესობის გამოწვევას, თუ ინგლისის ნებისყოფა ამის წინააღმდეგ ყოფილიყო. და ჩვენ კი ვხედავთ ერთსაც და მეორესაც.
რაშია საქმე?
ჩვენ ვიცით შეხედულება და მთავარი, ძირითადი ხაზი ინგლისის პოლიტიკის, ჩვენ ამ ხაზით და მიმართულებით სრული კმაყოფილები ვართ, რადგან იგი შეიცავს ინგლისის ინტერესების დასაცავათ საქართველოს ინტერესების უზრუნველყოფასაც. მათში შეზავებულია საფუძველი კარგი განწყობილებისა, ინტერესთა თანხმობის ნიადაგზე.
და მიუხედავად ამისა, ასეთ საწინააღმდეგო ფაქტებს აქვს ადგილი ბათომის გარშემო. ორში ერთი: ან ეს არის შედეგი ინგლისის ადგილობრივ წარმომადგენელთა პირადი პოლიტიკის, მათი საკუთარი პასუხისმგებლობით ნაწარმოები, ან ეს არის გამოცდა ჩვენი ძალის და ნებისყოფის.
უნდა ვაღიაროთ, რომ სანამ საქართველო არსებობს, იგი უბათუმოდ ვერ იქნება. იგი ბათომს ვერ დასთმობს. ეს ისევე ნათელია, როგორც მზიანი დღე, თუ ბათუმი დაკარგა საქართველოც თან გადაჰყვება, რადგან მისი თვითარსებობის საფუძველი დანგრეული იქნება.
ბათომი რუსეთის დღევანდელმა პატრონებმაც კი უდაო ნაწილათ იცნეს ჩვენი ქვეყნისა. ზავის ქვაკუთხედათ რუსეთთან, გარდა დამოუკიდებლობის აღიარებისა, სწორეთ ეს ფაქტი იყო.
და ის, რაც მოგვცა სახელმწიფომ რომელსაც ჩვენ გამოვეყავით, არ უნდა ჩამოგვშორდეს მესამე ძალის გავლენით, თუ მას საბოლოოთ არ სურს ჩვენ გულში ამოფხვრას ის სიმპატიის ძლიერი ძაფები, რომელიც გაბმული იყო დღემდე.
კიდევ ერთი: ზევით ვსთქვით, რომ ჩვენ ევროპიელებათ ვგრძნობთ თავს აზიის ამ კუთხეში. და ჩვენ გვინდა, გვაქვს საფუძვლიანი პრეტენზია ისეთი მოპყრობა მოვითხოვოთ, როგორც ევროპიელებს შეეფერება. აღმოსავლეთის ველურებში ჩარიცხვა, ან მათთან დადარება – ეს ისეთი გაუსწორებელი შეცდომა იქნებოდა, რომელსაც ჩვენი ხალხი ვერასოდეს ვერ შეურიგდება.
ამიტომ ყოველი სახელმწიფოს, რომელიც ჩვენთან მოდის, არ უნდა ჰქონდეს მიზნათ საკოლონიო პოლიტიკის მეთოდები გადმონერგოს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ გვესმის აუცილებლობა დიდ ევროპიელ სახელმწიფოთა ინტერესების უზრუნველყოფისა, და არასოდეს არ გვითქვამს უარი ამ ინტერესებისათვის სათანადო ანგარიშის გაწევაზე. პირიქით, ამ ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვაგებდით დამეგობრების პოლიტიკას. მაგრამ ერთი პირობით: ეს არის დაცვა ჩვენი საარსებო ინტერესებისა. დღეს ასეთ გადათელვას ვერ შევურიგდებით.
რევოლუციის ცეცხლში ნაშობი ჩვენი რესპუბლიკა – ვერ გახდება მონობის მატარებელათ. იგი ასეთ უღელს ვერ შეეგუება. იგი სასიცოცხლო ძარღვს თავის ხელით არ გადაიჭრის და არც სხვას მისცემს ნებას მისი გადაჭრისას. ამ სასიცოცხლო ინტერესების დაცვასთან ერთათ, იგი ყოველთვის უდიდესი სიმპატიით მოეკიდება ყველა დიდ სახელმწიფოთა ინტერესებს.
და ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა დემოკრატიამ დაამტკიცა თავის უნარი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელ ცხოვრების, ჩვენი არსებით ინტერესებს მეტ ანგარიშით შეხედავენ ჩვენში მოსული გარეშე ძალები.