1920: კახეთში ძლიერმა სეტყვამ სავარგულები გაანადგურა
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 ივნისი, N121
დიდი სეტყვა კახეთში
დიდი უბედურება დასტეხია თავს მთელ კახეთს. მნახველნი ამბობენ რომ კახეთში მოსულ სეტყვას, გორის უბედურობის შემდეგ ჩვენ ქვეყანას ასეთი ზარალი არ ახსოვს თურმე.
სწორედ დამოუკიდებლობის დღესასწაულის დროს ბრწყინვალე 26-ს მაისს თელავის მაზრაში ისეთი სეტყვა მოსულა, რომ ამის მსგავსი, როგორც ღრმა მოხუცებულნი ამბობენ, მათ არც თუ თავის თვალით არ უნახავთ ესეთი სეტყვა, თავის მამა-პაპათაგანაც კი არ გაუგონიათ. სრულიად გადაუჭარბებლად ამბობს ხალხი, რომ სეტყვა ყოფილა ქათმის კვერცხის ოდენა.
სეტყვას გაუნადგურებია მთლიანად ნაფარეულის მამული, უზარმაზარი ალაზნის ველზე გადაჭიმული დიდი ზვარი. მიწასთან გაუსწორებია მშვენიერი ყანები, ახლად დაყვავებულ და ნაყოფ გამობმულ ხეხილს ფოთოლიც კი აღარა არბია, საშინელ სურათს იხილავთ თელავის მხარეს მდებარე სოფლებში.
განსაკუთრებით მეტად დაზიანებულია შემდეგი სოფლები: ალაზნის გამოღმა – ხორხელი, ოჟიო, იყალთო, რუისპირი და წინანდალი; ალაზნის გაღმა სოფლები: ნაფარეული, სანიორე, ართანა, ფშაველი, შაქრიანი და ნიკოლაევკა.
ხალხი სასოწარკვეთილებაშია. შველას თხოულობს. თავზარდაცემულნი მოულოდნელ უბედურებისგან აღარ იციან რა ქნან. ზოგიერთი ყანები ისეა მთლად ნიაღვრისაგან წალეკილი, რომ მცხოვრებნი ყურადღებას აღარ აქცევენ და შიგ საქონელი გაუშვიათ, ბევრ ალაგას ნიაღვარი შევარდნილა გომურებში და საქონელი დაუხრჩვია. ბეღლები, სარდაფები, ფქვილები დაუსველებია და გაუფუჭებია.
ადიდებულ მდინარეებს ტორის, ლოპოტს და სხვებს დიდი ხეებიც კი დაუგლეჯია. წვრილ ფეხა საქონელი და ფრინველი საშინელ აღქაფებულ ნიაღვარებს წაულეკავს.
როგორც გადმოგვცეს არა ნაკლები სეტყვა მოსულა სიღნაღის მაზრაში. განსაკუთრებით სოფლებ: კარდენახში, ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში და ქვემო მაჩხაანში. ჯერ ამ სოფლებიდან დაწვრილებით ცნობები არ მოგვსვლია, მაგრამ როგორც თელავის ისე სიღნაღის მაზრაში ზარალი რამდენიმე მილიონს უდრის.
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე, უეჭველია, ამ ეროვნულ კიდევ ერთ დიდ უბედურებას, გამოეხმაურება და სიტყვით თუ საქმით გაამხნევებს თავის დაზარალებულ მოძმე ხალხს. კახეთზე თავდატეხილი უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საგრძნობი უნდა იყოს. კახეთი ჩვენი ქვეყნის თვალია და დღეს როგორც გორში მომხდარ საშინელებას, ისე უნდა გაეწიოს დახმარება ამ შეუბრალებელ სტიქიინისგან აოხრებულ კუთხეს.
ვ. კახელი