ავტორიზაცია „ჩაღლარის“ ქსელის კიდევ ერთმა სკოლამ ვერ გაიარა

„ჩაღლარის“ საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შემავალმა კიდევ ერთმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ – რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ ავტორიზაცია ვერ გაიარა. განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მიზეზად საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ და სხვა ტიპის პრობლემებს ასახელებენ.

სკოლისათვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი ავტორიზაციის საბჭომ 15 მაისს ონლაინრეჟიმში ჩატარებულ სხდომაზე განიხილა. საბჭომ სხდომის ოქმი 1 ივნისს გამოაქვეყნა. სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი იყო. გადაწყვეტილება ძალაში 30 ივნისიდან შევა.

საბჭოს ოქმის მიხედვით, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში“ შემდეგი დარღვევები გამოკვეთა:

  • სასკოლო გეგმა, როგორც დოკუმენტი არ იყო ერთიანი. გეგმაში საათობრივი ბადე არ განსაზღვრავდა მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური ჯამური საათების ოდენობას კლასების, სემესტრების და საგნების მიხედვით;
  • სასკოლო სასწავლო გეგმაში გაწერილი გაკვეთილების განრიგი არ შეესაბამებოდა გაკვეთილების ცხრილსა და ფაქტობრივ მდგომარეობას;
  • სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, სკოლას არ ჰქონდა შემუშავებული მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულის იდენტიფიცირების მექანიზმები და პირველადი მართვის სტრატეგიები;
  • საკითხები, რომლებიც სამინისტროსთან დასაბუთებას/შეთანხმებას საჭიროებდა, უწყებასთან შეთანხმებული არ იყო;
  • სკოლის ყველა სართულზე არ იყო მოწყობილი ტუალეტები გოგონებისა და ბიჭებისათვის და სველი წერტილი შესაბამისად არც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის იყო მოწყობილი;
  • სკოლაში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული არ იყო ვიდეოთვალთვალის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი და სხვ.

ამავე ოქმის მიხედვით, სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლამ სასწავლო გეგმის ხარვეზებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გაითვალისწინა. ამასთან, საათობრივ ბადესთან დაკავშირებით ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც განათლების სამინისტროში დასამტკიცებლად გადაუგზავნეს, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ.

ავტორიზაციის გაუქმებას სკოლა-ლიცეუმი Facebook-ზე გამოეხმაურა და განმარტა, რომ სკოლას „პროფესიონალ ადვოკატთა გუნდი“ დაიცავს, რომელიც ავტორიზაციის დროულად აღდგენისთვის „ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს“.

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი კარდაკარ დადის ჩვენი მოსწავლეების ოჯახებში და დირექტორის სახელით ავრცელებს დეზინფორმაციას სკოლის შესახებ, ცდილობენ მოსწავლეთა და მშობელთა გადაბირებას“, – განმარტა სკოლის ადმინისტრაციამ.

„სამოქალაქო საქართველომ“ დეტალების დაზუსტება უშუალოდ სკოლა-ლიცეუმთან სცადა, თუმცა მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დამატებითი ინფორმაცია მიღებისთანავე აისახება წინამდებარე სტატიაში.

რუსთავის სკოლა-ლიცეუმი უკვე მესამე თურქული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც საქართველომ ბოლო სამ წელიწადში დახურა. მანამდე, 2017 წლის აგვისტოში, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისში მოქმედი დემირელის კოლეჯი დაიხურა. 2007 წელს დაარსებულ „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის“ 100%-იან წილს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სწორედ შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ ფლობს.

უფრო ადრე, 2017 წლის თებერვალში, საქართველოში, ჩაღლარის საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შემავალი კიდევ ერთი სკოლა  – ბათუმის „რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი“ დაიხურა.

აღნიშნული სკოლები თურქეთის ხელისუფლების მიერ 2016 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ძებნილი ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შედიოდა.

ოფიციალური ანკარა ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული სკოლების საქართველოში ფუნქციონირების გამო „შეშფოთებას“ დიდი ხანია ღიად გამოხატავს. მაშინ, შაჰინისა და დემირელის სკოლების დახურვის გადაწყვეტილებაში არასამთავრობო სექტორი და სახალხო დამცველის აპარატი თურქეთის მთავრობის გავლენას ხედავდა.

თბილისმა 2017 წლის მაისში დააკავა მუსტაფა ემრე ჩაბუქი, დემირელის კოლეჯის იმჟამინდელი მმართველი, რომელსაც ბრალად გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი ედებოდა. ჩაბუქი, რომელიც ქართულმა სასამართლომ 2018 წლის თებერვალში გაათავისუფლა, თავს „პოლიტიკურ პატიმარად“ მიიჩნევდა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)