ბჟანია აფხაზეთში „საგანგაშო“ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 2 ივნისს რეგიონის „პარლამენტის“ წევრებთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატa „საგანგაშო“ ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც საბიუჯეტო შემოსავლების კლებას მოჰყვა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, საბიუჯეტო შემოსავლები განახევრდა, რაც მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, ხელფასების, პენსიებისა და ჯანდაცვის ხარჯების.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ექვსი თვით შეაჩერა, რის შედეგადაც, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდა ან გადაიდო.
თუკი ბჟანია ივნისის ბოლოს, მოსკოვში ვიზიტის დროს, დახმარების პაკეტის მიღებას ვერ შეძლებს, სადაც იგი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმს უნდა დაესწროს, ოკუპირებულ რეგიონში ხარჯების შემდგომი შემცირებაა მოსალოდნელი. მიუხედავად საკუთარი ფინანსური პრობლემებისა, მან განაცხადა, რომ რუსეთი „ინვესტპროგრამისთვის“ დაფინანსებას „არ შეამცირებს“ და დასძინა, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება გამოიჩინა“ და უფრო პროგრამის ფარგლებში მეტ დაფინანსებას გამოყოფს.
ოკუპირებული რეგიონის ეკნომიკაზე სერიოზული გავლენა კორონავირუსის კრიზისმა იქონია, რამდენადაც ის დიდწილად ტურიზმიდან და სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. იმავროულად, რეგიონის ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობის წილი მოსკოვსაც აქვს, ვინაიდან სოხუმის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით ნახევარი სწორედ რუსეთის პირდაპირ სუბსიდირებაზე მოდის.
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანის თქმით, მოსკოვის ხელმომჭირნე პოზიციას აფხაზეთის მიმართ პირველად 2014 წელს ჰქონდა ადგილი, როდესაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა და ნავთობიდან შემოსავლების კლება დაიწყო. მისევი განმარტებით, აფხაზეთის ახალ „პრეზიდენტს“ მისი წინამორბედისგან ცარიელი ბიუჯეტი ერგო და მან გადასახადების და მოსაკრებლების აკრეფა ვერ შეძლო, ვინაიდან პანდემიამ ადგილობრივი ბიზნესები სერიოზულად დააზარალა.
ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და რუსეთისგან შემოსავლის დამოუკიდებლად მიღების შესახებ ბჟანიას გეგმები ვირუსმა ჩაშალა. „პანდემიის გამო, ამ გეგმების განხორციელება, სულ ცოტა ამ ეტაპზე, გართულებულია“, – თქვა ვართანიანმა „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში.
ასლან ბჟანია გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო ბრუნვასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში მილიარდობით რუბლის კონტრაბანდა გააქვთ. მან დასძინა, რომ ამ საკითხის მოგვარებაა საჭირო.
მისივე თქმით, თბილისში ტრანსპორტირებულ საქონელზე დაწესებული „ტარიფები“ სოხუმის ბიუჯეტს უნდა ავსებდეს.
ბჟანიას მოწოდება გამყოფ ხაზზე ვაჭრობის „ნორმალიზების“ შესახებ ზოგიერთმა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პოტენციურ დასაწყისად აღიქვა. საბაჟო შემოსავლების ხელში ჩაგდების მიზნით, სოხუმი, შესაძლოა, მართლაც დაინტერესებულია თბილისთან პირდაპირი ჩართულობით, ნათქვამია კრიზისების ჯგუფის 2018 წლის ანგარიშში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ბჟანიას განცხადებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა.
ასევე წაიკითხეთ:
- ასლან ბჟანია კავკასიაში რუსულ ინტერესებსა და თბილისთან ურთიერთობებზე
- საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აფხაზეთსა და ცხინვალში COVID-19-ზე რეაგირებას აფასებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)