მთავრობამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს მთავრობამ 4 ივნისს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებია შეჯამებული.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ ქვეყანაში ვირუსის შემოტანის „მაქსიმალური პრევენციის მიზნით“, საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები კოვიდ-19-ის გავრცელების დასაყწისშივე დააწესა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში საზღვარგარეთიდან საქართველოს 12 720 მოქალაქე ჩამოიყვანეს.

დოკუმენტის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმებით. საზღვარგარეთ კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია – 1, ესპანეთი – 4, თურქეთი – 1, ბრიტანეთი – 2, აშშ – 5, საფრანგეთი – 2, ლატვია – 1) გარდაიცვალა.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება მნიშვნელოვნად შემცირდა, პრაქტიკულად ყოველდღიურად ფიქსირდებოდა როგორც სასწრაფო, ისე გეგმიური სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირთა ნაკადი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ენგურის ხიდთან საველე ჰოსპიტალი გაიხსნა, სადაც ექიმები განთავსდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უმოწმდებოდა ცხელება და ჩივილების შესაბამისად ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ.

დოკუმენტის მიხედვით, 2 ივნისის მდგომარეობით, კორონავირუსი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის მხოლოდ ერთ მკვიდრს დაუდგინდა, 97 პაციენტი საავადმყოფოში იმყოფება, 42 – თვითიზოლაციაში, ხოლო 127 საკარანტინო ზონებშია გადაყვანილი. აგრეთვე, საავადმყოფოებში ოკუპირებული ცხინვალის 15 მკვიდრია მოთავსებული, 1 – თვითიზოლაციაშია, ხოლო 10 – საკარანტინო ზონაში.

მთავრობა აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა ნეგატიურმა შოკმა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაყრდნობით, მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდება, თუმცა 2020 წლის მე-4 კვარტლიდან მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, 2021 წელს ეკონომიკის 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო პარტნიორებთან „აქტიური თანამშრომლობის“ შედეგად, მთავრობამ ჯამში 1.5 მლრდ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარების მოზიდვა შეძლო, მათ შორის: IMF – 200 მლნ აშშ დოლარი; ADB – 400 მლნ აშშ დოლარი; WB – 250 მლნ აშშ დოლარი; AFD – 200 მლნ აშშ დოლარი; KfW – 250 მლნ აშშ დოლარი; EU – 200 მლნ აშშ დოლარი; AIIB – 100 მლნ აშშ დოლარი.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)