საკონსტიტუციო შესწორებათა სახალხო სატელევიზიო განხილვა დაიწყო
4 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით საარჩევნო სისტემის რეფორმისათვის საჭირო საკონსტიტუციო შესწორებათა პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. საუბარია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებმა პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი – მაჟორიტარული წესით უნდა აირჩიონ (ამჟამინდელი 77/73 სისტემის ნაცვლად).
განხილვას, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიის წევრები – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტია პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და უმრავლესობის ყოფილი წევრი, ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების ხელმძღვანელი მარიამ ჯაში ესწრებოდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები არ დასწრებიან. ისინი საჯარო განხილვებში მონაწილეობისა და ცვლილებების მხარდაჭერისთვის, ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების „სრულად შესრულებას“ და „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.
კომისიის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შემდეგ კი – საზოგადოებისგან წინასწარ გაგზავნილ კითხვებს უპასუხეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ქართული ოცნება ერთადერთი ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საარჩევნო სისტემის ცვლილების „ისტორიული“ გადაწყვეტილება მიიღო და პროპორციული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციაში ასახა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე (და საბოლოო) საჯარო განხილვა, სავარაუდოდ, ბათუმში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საშუალებით გაიმართება. განხილვები მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრის ნაცვლად ტელეეთერით კორონავირუსის პანდემიის გამო ტარდება.
ამის შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობა უკვე საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.
120/30-ზე სისტემასთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო 5%-იანი ბარიერის ერთჯერადად 1%-ზე დაწევას, ასევე ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის დაწესებასაც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.
მანამდე, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ 2019 წლის ივნისში გაჟღერებული დაპირება ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. კრიზისი უცხოელ დიპლომატთა შუამავლობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით და ზემოაღნიშნულ კომპრომისზე შეჯერებით განიმუხტა.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
- „პოლიტპატიმრების“ საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის უთანხმოებაა
- ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს
- 120/30-ზე – ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმდნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)