შვეიცარიაში საქართველოს დე იურედ აღიარების საკითხი განიხლება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 6 ივნისი, N124
უცხოეთი
შვეიცარია და ახალი რესპუბლიკები
ჟენევაში შვეიცარიელებს დაუარსებიათ „რუსეთის განაპირა დაარსებულ რესპუბლიკათა დაცვის ლიგა“. ლიგის დამაარსებლად ითვლებიან: შვეიცარიის გამოჩენილი პროფესორი პიტტარი (ლიგის თავმჯდომარე), მდივნად არის ანტონ ჟორჟოლიანი, პიკეტი (ცნობილი იურისტი), ე. მილიო და სხვა საზოგადო მოღვაწენი. ლიგას მიზნად დაუსახავს ყოფილ რუსეთის ტერიტორიაზე აღორძინებულ რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის დაცვა.
ეს საზოგადოება ყოველგვარად ცდილობს მთავრობის წინაშე, რომ ახლად დაარსებულ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა იცნან.
ლიგა შვეიცარიის ფედერატიულ საბჭოს წინაშე შუამდგომლობს ამიერ-კავკასიათა „დე იურედ“ დამოუკიდებლობის აღიარებას. განზრახულია აგრეთვე ამ მიზნით ბერნში გაიგზავნოს სპეციალი დელეგაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ფედერალურ მთავრობასთან იშუამდგომლოს ამ საკითხის გამო.
საერთოდ ლიგის წევრნი და შვეიცარიის დემოკრატია დიდ თანაგრძნობით ეპყრობა საქართველოს რესპუბლიკას.
სხვათა შორის ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში მოთავსებული იყო პროფესორ პიტტარის წერილი საქართველოს შესახებ. წერილის ავტორი დიდად სიმპატიურად უყურებს ქართველ ხალხის პოლიტიკას. პიტტარის აზრით საქართველოს დამოუკიდებლობას ხელს უწყობს სხვათა შორის გეოგრაფიული პირობები და ამას გარდა ის წესწყობილება და აღმშენებლობითი მუშაობა, რომელიც არის გამეფებული საქართველოშიო. შემდეგ ჟენევაში ამ ცოტა ხანში გამოსულ ემანიულ კიუნის წიგნს საქართველოს შესახებ უკეთებს უკეთებს კომენტარებს და დასძენს: „თუ განთავისუფლებული საქათთველო იცავს თავის მიწა-წყალს თავის მზის ქვეშ – ეს იმის ნიშანია, რომ მას სჯერა, იგი იცხოვრებს დამოუკიდებლად სხვის დაუხმარებლად“.