პროფკავშირებმა ფრონტზე ჯარისკაცებს 3.5 მლნ. მანეთის საჩუქრები ჩაუტანეს
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 8 ივნისი, N125
აზერბეიჯანის ფრონტზე
აზერბეიჯანის ფრონტიდან დაბრუნებულმა, ტფილისის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ალფეზ ხელაძემ საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბარში განაცხადა, რომ მან, როგორც დელეგაციის თავმჯდომარემ, ფრონტზე საქართველოს სახელოვან დამცველთ ტფილისის პროლეტარიატის სახელით მიუტანა ერთი ვაგონი სხვა და სხვა საჩუქრები, რომელთა ღირებულებაც 3.5 მილიონ მანეთს უდრიდა.
დანიშნულ რკინის გზის სადგურზე მისვლის შემდეგ, საჩუქრები ვაგონიდან გადმოიღეს და ურმებით წითელ ხიდთან მიიტანეს. აქედან საველე შტაბმა ტელეფონით შეატყობინა ყველა ნაწილს, რომლებმაც საჩუქრების მისაღებად დაუყონებლივ გამოგზავნეს თავისი წარმომადგენლები.
ხელაძემ ინახულა მოწინავე პოზიციები, სადაც მას როგორც ტფილისის დემოკრატიის წარმომადგენელს აღფრთოვანებით ეგებებოდენ. მებრძოლნი ძალიან მედგრათ არიან. სულიერი განწყობილება დაწყნარებული, ნათელი და რწმენით სავსეა. სახალხო გვარდიისა და ჯარის ყველა ნაწილი მზათ არის თავის სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოლოს და ითხოვს შეატყობინონ მთავრობასა და დემოკრატიის მოწინავე ორგანიზაციებს, რომ ისინი მზათ არიან სამშობლოს შესწირონ თავისი სიცოცხლე.
ეხლა, დროებითი ზავის გამოცხადების გამო, მებრძოლ მხარეთა შორის არის ნეიტრალური ზონა, რომელსაც ერთი და მეორე მხრიდან იცავს ას-ას კაცისგან შემდგარი რაზმი: ერთის მხრით საქართველოს სახალხო გვარდიელებისა და მეორე მხრით წითელარმიელებისა. წითელ არმიელთა შორის თათრები არ არიან. რაზმი უმთავრესად რუსებისა და სომხებისაგან შესდგება.
წითელ არმიელებს ცუდათ აცვიათ. ბევრ მათგანს გაუწმენდელი თოფი აქვს. წითელ არმიელებში ქართველების წინააღმდეგ არავითარი გაბრაზება არ მოსჩანს, ქართველი მეომრები ძმურათ უყოფენ თავის საჭმელს მათ მშიერ მოწინააღმდეგეს.
ხელაძის სიტყვით წითელ არმიელებზე დიდი გავლენა მოუხდენია იმ მდიდარ საჩუქრებს, რომელიც ტფილისის პროლეტარიატის სახელით ჩვენებს მიუტანეს. სხვათა შორის ხელაძემ ხაზი გაუსვა წითელ არმიელთა სიტყვებს, რომელნიც ამბობენ, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ მოდიოდენ დამონავებულ მუშების გასანთავისუფლებლად, მაგრამ ეხლა ისინი დარწმუნდენ, რომ ხალხი და ჯარი მთავრობის მომხრეა და რომ რესპუბლიკაში დაჩაგრული არავინ არის. საერთოდ მათ, თუ არა სურთ ომი, პირიქით, ისინი ეხლა ომის ვერაფერ მიზეზს ვერ უცქერიან, განსაკუთრებით საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის ზავის შეკვრის შემდეგ. ხელაძემ მიიღო ზომები იმისთვის, რომ მოტანილი საჩუქრის ნაწილი წითელი არმიელებისთვისაც გადაეცათ.