„TI საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში კორუფციის შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ (TIG) დაკვეთით ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში „კვლავ იშვიათია“ წვრილმანი კორუფცია, თუმცა გამოწვევად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები და კორუფციის ისეთი შემთხვევების გამოძიება, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ თქმით, გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.
გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ ძალიან გავრცელებულია (16%) ან უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული (47%) თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. გამოკითხულთა უმრავლესობა (57%) მიიჩნევს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.
გარდა ამისა, რესპონდენტების 47% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება, მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. 29% კი საპირისპიროს მიიჩნევს. გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, კორუფციაში ჩართულ პირებს ხელს აფარებს, ხოლო 37% ფიქრობს, რომ მთავრობა ასეთ პირებს ამხელს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ 2015-2017 წლებში დაფიქსირებული 1 740 კორუფციული საქმიდან მხოლოდ 12% გაიხსნა. ორგანიზაცია დასძენს, რომ კორუფციული საქმეების გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას აქვს. 2015-2017 წლებში პროკურატურაში შესული 1 273 საქმიდან მხოლოდ 47 – 3.7% გაიხსნა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)