ოპოზიცია: რურუას გათავისუფლება საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის წინაპირობაა
ოპოზიციურმა პარტიებმა 8 ივნისს კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნავენ, რომ მათი მხრიდან საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობა „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას გათავისუფლებაა.
ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოხატავენ მხარი დაუჭირონ „შეთანხმებულ“ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუკი 8 მარტის შეთანხმების „ყველა პუნქტი შესრულდება“.
„სამართლებრივი ფიასკოს ფონზე“, პარტიები „შეშფოთებას“ გამოხატავენ გიორგი რურუას „დისკრედიტაციის“ მიზნით ხელისუფლების მიერ „მართული“ მედიასაშუალებების მხრიდან წამოწყებულ კამპანიის გამო.
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტს აღებული ვალდებულების შესრულებისკენ „კიდევ ერთხელ“ მოუწოდებენ, რაც მათივე შეფასებით, „ქვეყენას საშუალებას მისცემს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაკლებად პოლარიზებულ პოლიტიკურ“ გარემოში მოემზადოს და „განამტკიცებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას“.
- საკონსტიტუციო შესწორებათა სახალხო სატელევიზიო განხილვა დაიწყო
- ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების „სრულად შესრულებას“ ელოდება
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 კანონმდებლის ხმა სჭირდება. ამჟამად პარლამენტში 149 დეპუტატია, რომელთაგანაც 93 ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში ირიცხება.ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საკანონმდებლო ორგანოში 7 დეპუტატი ჰყავს, ევროპული საქართველოს ფრაქციებში კი 19 პარლამენტარი ირიცხება. პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების ფრაქციაში 7 დეპუტატი შედის. დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქცია 6 კანონმდებელს ითვლის. ამასთან, პარლამენტში ირიცხება 17 უფრაქციო, დამოუკიდებელი დეპუტატიც, მათ შორის, ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი და თამარ ხულორდავა.
თეორიულად, ქართულ ოცნებას (93 დეპუტატი) საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატების (ჯამში 26 დეპუტატი) მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია, თუკი იგი დარჩენილი 30 კანონმდებლიდან 20-ის მიმხრობას შეძლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)