1920, სოცდეკები: აქვთ კი ჯაველ ოსებს თვითგამორკვევის უფლება?
გაზ. ერთობა, 1920 წლის 15 ივნისი, N132
კიდევ ოსეთზე
ბალშევიკებმა ხმა ამოიღეს. მათ თქვეს თავის გულის ნადები, მაგრამ ისე, როგორც შეფერის მათ იდეიურობას.
ისინი წინააღმდეგი არიან, რომ საქართველოს ჯარმა იარაღით გასცეს პასუხი აჯანყებულ ჯავის ხეობას. რათა? იმიტომ ხომ არა, რომ ეს აჯანყება თითონ მათ მოაწყვეს და მათი ლოზუნგების საფარველ ქვეშ დააყენეს ის ნასტრაჟნიკალი და ნაპრისტავალი ხელმძღვანელები, რომელნიც ყაჩაღებთან ერთად ამყარებენ ცხინვალის რაიონში ბალშევიკურ „სოციალიზმს“?
ერთა თვითგამორკვევის – ამ დიადი იდეის სახელით ამართლებენ ბალშევიკები ოსების მუხანათურ თავდასხმას.
ოსები თავს დაგვესხნენ მაშინ, როცა ჩვენ ფრონტი გვქონდა ადერბეიჯანის საზღვარზე და ბათომის ოლქში. ამას ეძახიან ჩვეულებრივ ენაზე – მოღალატეობას, დემოკრატიისათვის ზურგში მახვილის ჩაცემას. რაც ჯავის ოსებს მათი ბალშევიკური ყაჩაღების ლიდერობით სისტემათ გადაექციათ, და თუ ჩვენ ამის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, ესე იგი თავდამსხმელი მოვიგერიეთ, ეს არის თურმე, „თვითგამორკვევის უფლების შელახვა“.
მერე მართალია ბოლშევიკების იდეური წუწუნი? „კომუნისტების“ პროგრამა ყველას გასაგონათ ამბობს, რომ „ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა, სრულ გამოყოფამდე და ცალკე სახელმწიფოს დაარსებამდე“. კეთილი! მაგრამ ერთი ვიკითხოთ, მართლა ახორციელებს ამას კომუნისტების ლაშქარი და კომისრები?
ავიღოთ ჩრდილო-კავკასია, სადაც იმყოფება ასეთი მთავარი ტერიტორია. ბალშევიკები, ჯავის ხეობის გადმოსახლებულ ოსებს ურიგებენ სახელმწიფოებრივ უფლებებს – რატომ ჩრდილო ოსეთს, ესე იგი ოსეთის ნამდვილ ტერიტორიაზე არ ახორციელებენ ამ თავის პროგრამას? იქ ხომ საქართველო აღარ ყავთ ხელის შემშლელი? ან ჩეჩნები, დაღესტნელები რატომ ვერ იღებენ დამოუკიდებლობას? ან კიდევ ყაზახები და სხვა? რათ დააყენეს მათ სათავეში ზევიდან დანიშნული კომისრები და წითელ არმიელთა სისხლიანი ხიშტებით ახშობენ მათ თავისუფლებას?
როცა გაზ. „კომუნისტი“, რომელიც თფილისში გამოდის, ასე ებღაუჭება ამ დიდ ლოზუნგს, ამავე დროს რათ ხდება, რომ კავკასიის გაზ. „კომუნისტი“ რუსულ ენაზე, ძირითადად უარყოფს ამ ლოზუნგს? იგი ამბობს: „რომ ბურჟუაზიული რევოლუციის ხანაში 1917 წელს ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი იყო მომენტის შესაფერი ლოზუნგის იმისთვის, რომ დაენგრია მეფისა და მემამულეთა სახელმწიფო, ძირი გამოეთხარა მისი ცენტრალიზმისთვის და ასე დაესუსტებიათ იგი“.
ახლა კი, ცხადია, თავის კომუნისტურ ცენტრალიზმისთვის ძირის გამოთხრა არ სურთ.
ამ რიგათ ბალშევიკების ეს იდეა ბუშმენურ წესით ტარდება. იგი კარგია, როცა ამით სხვის სახელმწიფოს არღვევ. ცუდია, თუ იგი შენ სახელმწიფოს გირღვევს.
ახლა ყველასათვის ცხადია, თუ რა მიზანს ემსახურება თფილისელი „კომუნისტი“, როცა ჯავის ხეობაში უნდა შექმნას საბჭოთა დამოუკიდებელი რესპუბლიკა და იმავე დროს მთავარი ოსეთისთვის თვითგამორკვევაზე სიტყვის თქმაც კი კონტრ-რევოლუციონერობათ მიაჩნია.
დიახ, ცხადია, რომ ჯავის თვით-გამორკვევა არის საქართველოს დარღვევის ბოროტ-სურვილით წამოყენებული, ხოლო გაზეთის რწმუნება, რომ ჯავა არ ესაჭიროება საქართველოს, და სხვა ლათაიები, მხოლოდ ფარისევლობაა და ამ შავი განზრახვების დასაფარავათ მოყვანილი.
მაგრამ, მათი ორმაგი, თვალთმაქცი პოლიტიკის კუდი კალთიდან მოსჩანს და ამხელს მათს აზრსა და მოქმედებას.
მაშ ასე, ბალშევიკები ორპირობენ, იდეურ ცუღლუტობას ეწევიან, რომ თავის აჯანყების წყურვილი ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ როგორმე მაღალ ფრაზების სამოსელში გახვიონ.
მაგრამ იქნება ჩვენთვის, დემოკრატიისთვის არის სავალდებულო, ოსთა თვითგამორკვევა ჯავის ხეობაში? ჩვენ ხომ მართლა მომხრე ვართ ეროვნულ თვითგამორკვევის, გავსინჯოთ ესეც.
ყოველ ერს აქვს უფლება თვით-გამორკვევის. ეს მართალია. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა დაისვას საკითხი მთელი ერის, ანუ მისი დიდი უმრავლესობის შესახებ ოსებს აქვთ უფლება თვითგამორკვევისა. ეს უდაოა. მაგრამ ყველა ოსის სოფელს, ან თემს ასეთი უფლება არ აქვს.
საქართველო დამოუკიდებელია დღეს, მაგრამ მასში არ შედიან არც სოჭის ოლქის ქართველები, არც კავკავის, არც მინერალურ წყლების რაიონში მცხოვრებნი, რამდენადაც ისინი ადგილობრივი მკვიდრნი არიან. განა მათი ყოფნა იმ რაიონებში, შეიძლება გახდეს საბუთი კავკავისა და სოჭისაგან ქართულ სახელმწიფოს შექმნისა?
რასაკვირველია არა. ეს არც ბალშევიკებს მოსვლია თავში. ჩვენ, მით უმეტეს.
გორის მაზრაშიაც რამდენიმე სოფელი და ერთი-ორი თემი არის ოსებისგან შემდგარი. მაგრამ განა მათაც ისე არ უნდა ვუყუროთ როგორც ქართველთა კოლონიას ჩრდილო-კავკასიაში? ცხადია, ეს არის ის მცირე ნაწილი ერისა, რომელიც მეორე ერის ფარგლებში მოყოლილია ხალხთა ნარევათ ცხოვრების გამო, ოსები არიან კახეთში, ალაზან გაღმა, არიან ატენის ხეობაშია, არიან ტრიქსოს ხეობაში, ჯავაში, რაჭაში, საჩხერის რაიონში, მაგრამ ესენი შეადგენენ რამდენიმე სოფელს, რომელის საქართველოს უდაო ტერიტორიაში შედის. ამიტომ მათ ეროვნულ განცალკევებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. აქ შეიძლება საკითხის დასმა მხოლოდ მათ კულტურული განვითარების უზრუნველყოფაზე. არც მეტი არც ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ისეთ დებულებას, როცა უმრავლესი ერი უნდა გახდეს მსხვერპლი უმცირესობის, რომელიც მის საზღვრებზე, ნარევათ ცხოვრობს და ამით მის ტერიტორიას აჭრელებს.
სად გაგონილა, რომ რამდენიმე მილიონი მცხოვრებლები შევიწროვდეს მსხვერპლათ რამდენიმე ათასეულს! ჯავის ხეობის დამოუკიდებლობა, კახეთის ოსების, და სხვა წვრილ ეროვნულ ნაშთების, იქნებოდა საქართველოს დარღვევა, მისი საზღვრების მოშლა და ადვილ დასაპყრობათ გადაქცევა. ბალშევიკებს რომ ეს სურთ, ჩვენთვის ეს ყოველ ეჭვს გარეშეა, მაგრამ როცა ისინი ამ იდუმალ ზრახვას ერთა თვითგამორკვევის იდეას ახვევენ თავზე, ეს იდეური შანტაჟია და მეტი არაფერი.
თვითგამორკვევის უფლება სრულ დამოუკიდებლობამდე აქვთ ერებს, და არა ერთა მცირედ ნაშთებს, რომელნიც გადასახლებულან სხვა ეროვნების ფარგლებში. და არც ერთ სოციალისტს არ უქადაგნია აქამდე ყოველ სოფლის და თემის თვითგამორკვევა. არამედ აღიარებდენ თვითგამორკვევას მთელი ერისა, როგორც ასეთის.
ოსეთის თვითგამორკვევა ამ პრინციპის მიხედვით უნდა მოხდეს ე.წ. ჩრდილო ოსეთში, სადაც ოსი ოთხმოცდა ათი პროცენტი ცხოვრობს და არა ჯავაში, სადაც სულ რამდენიმე სოფელია ოსის.
ეს გახლავთ სოციალისტური სიმართლე და არა ის, რასაც ბალშევიკები გაიძახიან მუხანათური მიზნით ყველას გასაგონათ, თვით გაზეთის ფურცლებზე.
ამ პრინციპს ვადგავართ ჩვენ, ქართველი სოციალდემოკრატები საერთაშორისო პროლეტარიატის დიდებულ მოძღვრებთან ერთათ.
ხოლო ბოლშევიკების აჯანყების მართლებას – საკუთარ სახელს ვაძლევთ, ეს არის მოღალატეობა საერთაშორისო სოციალიზმის, ეს არის მოღალატეობა საქართველოს დემოკრატიის და მისი რესპუბლიკის.