არასამთავრობოები ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ
მედიის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები „მთავარი არხის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის შესაძლო მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან და ხელისუფლებას საქმეზე ინფორმაციის გასაჯაროებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლებას „დროული“ და „სათანადო“ რეაგირების, ასევე საქმეზე „დასაბუთებული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ“ მოუწოდებს.
„ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა“, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან“ გამომდინარე, გიორგი გაბუნიას „ლიკვიდაციის მომზადებასთან“ დაკავშირებული საქმის დეტალების დროული გასაჯაროებისკენ საგამოძიებო ორგანოებს ცალკე განცხადებით დღეს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“ მოუწოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.
15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით, რუსეთის მოქალაქე საქართველოში „მთავარი არხის“ ტელეწამყვანისა და კრეატიული დირექტორის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (ვ.ბ.) „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.
ასევე წაიკთხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)