პრეზიდენტი და პრემიერი გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციას ეხმიანებიან. ქვეყნის პირველმა პირებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაძლო დანაშაულის დროულად აღკვეთას გაუსვეს ხაზი და საქმის სწრაფად გამოძიების მნიშვნელობა აღნიშნეს.
„ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა“, – თქვა პრეზიდენტმა 16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. ზურაბიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის „უმაღლესი პროფესიონალიზმით“ აღკვეთისთვის მადლობა გაუხადა.
„საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს“.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული“. „საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე“, – დასძინა მანვე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (ვ.ბ.) „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ქვეყანაში „აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ თითოეული მოქალაქის, „განსაკუთრებით“ კი – ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის „მაქსიმალურად სწრაფ დროში“ გამოძიება მთავრობის და „სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა“. მანვე, საზოგადოებისთვის საქმეზე „ღია“ და „ტრანსფარენტული“ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკური სპეკულირება“ არა მხოლოდ „ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას“, არამედ „ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას მოჰყვება [ხოლმე]. „[ამიტომ], ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცველ სისტემას იმის შესაძლებლობა მივცეთ, [რომ საქმე] სრულყოფილად გამოიძიოს“, – განმარტა გახარიამ.
„ჩვენ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური პროცესის ტემპერატურა იწევს. ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა და პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ თითოეულმა სიტყვამ, ქმედებამ და შეფასებამ, შესაძლოა, „ზიანი მიაყენოს გამოძიებას“.
გიორგი გაბუნიას საქმეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული“. უწყებისვე განმარტებით, „სახელმწიფო იცავს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას“.
ასევე წაიკითხეთ:
- გვარამია: კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა
- არასამთავრობოები ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ
- არასამთავრობოები: ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსული გეგმაა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)