ბოლშევიკების საქმიანობა და საქართველოს დამოუკიდებლობა
გაზეთი ერთობა, 1920 წლის 19 ივნისი, N136
კიდევ ბალშევიკებზე
ნათქვამია: „მყეფარა ძაღლი სჯობია შემპარავსო“. მაგრამ ამ ბოლო დროს გაჩდნენ ისეთი ჯიშის ადამიანები, რომელნიც მყეფარობასაც იჩენენ და შემპარავობასაც. ესე იგი ამ პატივცემული ცხოველის ორივე ნაკლულევანებით არიან შემკობილნი.
ესენი გახლავან ადგილობრივი ბალშევიკები. მათ უკვე განაცხადეს, რომ აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის შინაურ საქმეებში გარეშე ძალის ჩაურევლობას.
მაგრამ ეს აღიარეს სიტყვით, პრესის საშუალებით. ეს გახდა მათი სათვალთმაქცო საყეფარი. ნამდვილათ, არსებითად კი, მთელი თავის საქმიანობა მიმართულია აქეთ იქეთკენ, რომ დაამხონ ის რესპუბლიკა, რომელსაც სიტყვით მაინც ერთგულებას ეფიცებიან.
ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ვიცით, რომ „კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს“. ვიცით, რომ გუშინდელი მეამბოხენი, შეთქმულნი, არევ-დარევის მოციქულნი, დღეს ასე სწრაფათ ვერ ჩადგებიან ისეთ კალაპოტში, რომელშიაც ჩადგომას გვეფიცებიან.
ისინი ისევ განაგრძობენ ერთი მხრით აჯანყებების გამართლებას საქართველოს წინააღმდეგ, მეორე მხრით ამ აჯანყებების ხელის შეწყობას, შიგნიდან და რაც უმთავრესია, გარედანაც.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ უკანასკნელ გარემოებას, რადგან სწორეთ ეს არის ყველაზე უფრო დამახასიათებელი იმ უპირულობის და მუხანათობის, რომელსაც იჩენენ კომუნისტები.
საქართველოს დემოკრატიას არაფერი არ აქვს სადაო რუსეთის დემოკრატიასთან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოყოფისა და გამიჯვნის საკითხი უდავიდარაბოთ გათავდა და თვითეულ მათგანს საშუალება მიეცა ერთი მეორის გვერდით თავის საკუთარი მეთოდებით და საშუალებით გასწიოს იმ მომავლისაკენ, რომელსაც შეხარის.
მიაღწევენ, თუ ვერა ბალშევიკები თავის კომუნისტურ ექპერიმენტებით საწადელ მიზანს, ეს სხვა საკითხია. მათ გონიათ, რომ სანახევროთ უკვე მიაღწიეს კიდეც. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მთელი საუკუნის უკან ჩამორჩნენ ამ მიზნისაგან.
მსაჯული ჩვენ სიმართლე-სიმტყვანის, ისტორიაა. ჩვენ სრულის სიმშვიდით მოველით ამ განაჩენს. გვრწამს, რომ იი ჩვენი სიმართლის დამოწმება იქნება.
მაგრამ ეს არ სწამთ, როგორც ჩანს, ბალშევიკებს. მათი სული მოუთმენლათ ბორგავს, რაც გვერდით სხვა მეთოდებით და სხვა მსოფხედველობით მიმავალი მუშათა კლასს ხედავენ, რომელიც თავის თავს მათზე უკეთ უძღვება და აოხრების საშინელებისაგან თავდაღწეული ენერგიული შემოქმედებითი მუშაობით სჭედს თავის მომავლის სანეტარო ბედს.
ამიტომ ისინი დაუყოვნებლივ ეყრდნობიან „შემპარავის“ მეთოდებს. ლეგალიზაცია კი უნდათ ამბოხების უკეთ მოსაწყობათ გამოიყენონ.
მთელი მათი ფარული აგიტაცია, რომელზედაც ხელაღება მათი სიკვდილი იქნებოდა, ჩვენი რესპუბლიკის და მისი მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ აგიტაციის და ორგანიზაციის მოსაწყობათ არ ერიდებიან არც უსაშინლეს პროვოკაციას, არც უთხოეთიდან შემოტანილ ფულებს.
ისინი ამით აშკარათ გვევლინებიან საბჭოთა რუსეთის მოსყიდულ აგენტების როლში, რომელნიც მოსკოვის ფულებით ცდილობენ საქართველოს აფეთქებას შიგნიდან და დამშეული წითელ-არმიელებისათვის გზის გაკაფვას თფილისისაკენ. აი ამ ორპირობის, ამ მოსყიდულობის, ამ რუსეთის აგენტობის გამო, შეუძლებელი ხდება ამ პარტიას ვუყუროთ ისე, როგორც ყველა ლეგალურ ჯგუფს, ან მიმდინარეობას.
იგი ლეგალურიც არის და არალეგალურიც. როგორც ლეგალური, იგი მყეფარაა, როგორც არალეგალური იგი შემპარავია.
მაგრამ უნდა იცოდენ ამ ვაჟბატონებმა, რომ მათი ყეფა ვერავის დააფრთხობს. მათი იდეური ბაღაჟი იმდენია, რომ ერთ ფეხმოტეხილ კურდღელს აეკიდება.
მათი „შემპარაობა“ კი ისე იოლათ არ შერჩებათ. საქართველოს დემოკრატიას მოეპოვება ასეთი შემპარავთა წინააღმდეგაც შესაფერი ღონისძიებანი.