ინგლისელები ბათუმში სამხედრო ფორტებს ანადგურებენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 20 ივნისი, N136

მდგომარეობა ბათუმში

ბათუმის სადგურის უფროსმა 18 ივნისს დეპეშა გამოაგზავნა, რომ ინგლისელები ანადგურებენ ფორტების დიდი კალიბრის ზარბაზნებს. ბარცხანის ფორტიდან ჩამოიღეს და ააფეთქეს ყველა ზარბაზნები. ასევე ეპყრობიან სხვა ფორტებსაც. დამატებითი ცნობებით ბათუმში გამეფებულია აზრი, რომ ინგლისელებმა გადაწყვიტეს თვით ფორტის აფეთქებაცო.  ქალაქში შორიდან  აფეთქების ხმა ისმის. ქალაქში მღელვარებაა. გამოურკვეველი მდგომარეობას უფრო მეტი ნერვიულობა შეაქვს მცხოვრებლებში. მთავრობის წარმომადგენლები გაჩუმებულნი არიან და არავითარ განკარგულებას არ იძლევიან მახლობელ პერსპექტივების შესახებ.

ჩვენი ცნობებით საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ამის გამო პროტესტი განუცხადა ინგლისის კომისარს საქართველოს მთავრობის სახელით.

19  ივნისს ბათუმში საჩქაროთ გაემგზავრა ექპლოატაციის უფროსი აბელოვი. მისი წასვლა დამოკიდებულია ბათომის სადგურის უფროსის განცხადებაზე აფეთქების შესახებ. აბელოვს წინადადება მისცეს მიიღოს შესაძლებელი ზომები, სახელმწიფო ქონების გადასარჩენათ და დააჩქაროს ქალაქიდან ნაყიდ სურსათის და უმთავრესათ ამერიკულ ფქვილის გადმოზიდვა.