პოლიტიკური დიალოგის შუამავლები მხარეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებენ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგში შუამავლის როლს ასრულებენ, 19 ივნისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ და პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა პირველი მოსმენით 21 ივნისს გაიმართება.
„მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით“, – აცხადებენ პოლიტიკური დიალოგის შუამავლები – აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
„ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია“, – დასძენენ ისინი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)