აშშ-ის სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
ამერიკული საზღვაო სამხედრო ხომალდი – „პორტერი“ 23 ივნისს ბათუმის პორტში შევიდა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი „კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობას“.
„ბოლო რამდენიმე წელია, „პორტერი“ რეგულარულად მუშაობს შავ ზღვაზე, რაც რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ ჩვენი უცვლელი ერთგულების დასტურია“, – განაცხადა ხომალდის მეთაურმა, ქრეგ ტრენტმა. საქართველოს გარდა, „პორტერი“ თურქ, რუმინელ და ბულგარელ მოკავშირეებსაც ესტუმრება.
ამერიკული ხომალდი – „პორტერი“ Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს წყალქვეშა ნავებისა და ბალისტიკური რაკეტების მოგერიების სასწავლო წვრთვების ჩატარების შესაძლებლობა აქვს.
„პორტერი“ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის, რომელიც ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავსებადობის გასაძლიერებლად, შავ ზღვაში ოპერირებისთვის გემებს რეგულარულად აგზავნის.

ეს ხომალდის მესამე ვიზიტია საქართველოში. მანამდე ამერიკული ხომალდი ქვეყანას 2019 და 2015 წლებში სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)