არასამთავრობოები გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად სოფიო კილაძის შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგებიან

53 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის წარდგენას ეწინააღმდეგება და ამის მოტივად მის მიერ ადრე გამოთქმულ მოსაზრებებსა და შერჩევის პროცედურის „ღიაობის დარღვევას“ ასახელებს.

22 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და სხვებმა შეშფოთება გამოხატეს კილაძის „ჰომოფობიური განწყობებისა“ და, ზოგადად, უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის გამო.

ორგანიზაციებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კილაძე კანდიდატად დახურულ კარს მიღმა, საზოგადოებისაგან ფარულად შეარჩია. „მეტიც, კანდიდატის შერჩევის პროცედურების დაწყების შესახებ მთავრობამ ინფორმაციაც კი არ გახადა საჯარო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათ კილაძის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც გამოთქვეს ეჭვები და აღნიშნეს, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ის მმართველი პარტიის დეპუტატია და დღემდე არის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი.

არასამთავრობოების თქმით, სოფიო კილაძე ვერ იმუშავებს ზემოთხსენებულ თანამდებობაზე, ვინაიდან მას ბავშვის უფლებათა სფეროში სათანადო გამოცდილება არ აქვს. „მიუხედავად იმისა, რომ სოფიო კილაძე არის ერთ-ერთი ავტორი ორი საკანონმდებლო ინიციატივის: ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სოციალური მუშაობის შესახებ კანონისა, მას არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც კილაძემ ვერ უზრუნველყო ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობა ბავშვის უფლებების კოდექსის შემუშავებისა და განხილვის პროცესში.

განცხადების დასასრულს, ორგანიზაციები მოუწოდებენ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს, უარყოს სოფიო კილაძის კანდიდატურა.

სოფიო კილაძემ უფლებადამცველი ჯგუფების განცხადება “ტყუილებზე და ფეიკ ნიუსებზე [ყალბი ამბები]” დაფუძნებულად შერაცხა და დასძინა, “როცა ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს.”

“გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც მე თავად ვუდგავარ სათავეში” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)