საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე მერაბ ტურავა 5 წლის ვადით აირჩია. მან ამ თანამდებობაზე ზაზა თავაძე შეცვალა, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ივნისში ამოეწურა.
მერაბ ტურავა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და, იმავდროულად, 2018 წლის 12 იანვრიდან სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარეც არის.
სპეციალობით იურისტი, 2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად და ფიცის დადების დღიდან მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.
2016 წლის ნოემბერში კი იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად იქნა არჩეული.
ტურავა ერთ-ერთია იმ მოსამართლეთაგან, რომლებმაც 2005 წელს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ტურავა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 იგი წელს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.
2015 წელს მოსამართლე ტურავამ უარი თქვა ხელი მოეწერა თბილისის ყოფილი მერისა და ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რამაც გადაწყვეტილების გამოცხადება კიდევ ერთხელ შეაფერხა.
იგი ასევე თავმჯდომარეობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ სადავო საქმის განხილვას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)