აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება
ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ მიღებას, რამაც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას უყრის საფუძველს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა 29 ივნისს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები „საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს შეუწყობს ხელს“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ „მიიღოს საარჩევნო რეფორმა, რომელიც სრულად ასახავს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებს“, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი კანონმდებლობის განხორციელებისკენ მოუწოდა.
თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე საარჩევნო პროცესის განხორციელება „საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება“, ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდების სამართლიანობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით 29 ივნისს მიიღო, რის შედეგადაც ქვეყანაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის მიერ შეთანხმებული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)