აფხაზი ომბუდსმენი გალში მცხოვრებ ქართველთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს
29 ივნისს, ოკუპირებული აფხაზეთის ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა აფხაზ დეპუტატებს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაა ასახული.
ანგარიშში ასიდა შაკრილი, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, საუბრობს აფხაზეთის ხელმძღვანელთა პოლიტიკაზეც, რომელიც გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისკენაა მიმართული.
ომბუდსმენი შეშფოთებას გამოთქვამს რომ გალის მოსახლეობას აფხაზური „პასპორტების“ აღებისას პრობლემები ექმნება, რისი მიზეზიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განზრახ შექმნილი სხვადასხვა დაბრკოლებაა.
შაკრილმა ენგურის ხიდის გამშვები პუნქტის ხშირი ჩაკეტვის გამო გალელთათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას წინასწარ არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის და რამდენი ხნით ჩაიკეტება გამშვები პუნქტი.
ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ დანარჩენ საქართველოში გადასვლა გალის მოსახლეობის უმეტესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი მკურნალობას და სხვადასხვა სოციალურ შემწეობებს სწორედ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იღებენ.
ანგარიშის საუბარია იმაზეც, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ქონების ბევრად უფრო მაღალ გადასახადს იხნიან, ვიდრე ოკუპირებული რეგიონის დანარჩენ ნაწილში მცხოვრებნი.
შაკრილმა ყურადღება რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემასაც მიაპყრო. გალის სკოლებში გაკვეთილები რუსულად ტარდება და არა მოსწავლეთათვის მშობლიურ ქართულ ენაზე. ეს იმ პირობებში, როცა გალში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების უმეტესობამ რუსული ენა ცუდად იცის.
- ნადარაია: მთავარი ამოცანა გალელების აფხაზურ ეთნოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა
- ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)