ევროპის მოამბე – 1 ივლისი
კიდევ ერთი მზიანი დღე მშვიდობისა ევროპული სამეზობლოდან, დღევანდელ ამბებს შევავლოთ თვალი:
🇫🇮ფინეთის ჰაერში რაღაც ურიგო ტრიალებსო, შეშფოთებულან მეცნიერები: გასულ კვირას ფინეთის ატომური უსაფრთხოების სააგენტოს ატმოსფეროში კობალტის, ცეზიუმისა და რუთენიუმის იზოტოპების გაზრდილი მაჩვენებლები აღურიცხავს. დამზერილი დონე ადამიანებისათვის სახიფათო არაა, მაგრამ დასადგენია, საიდან მოვიდა ეს რადიაციაო, უთქვამთ ფინელებს. ნორვეგიელებს, შვედებსა და ჰოლანდიელებს დასტური დაუციათ, ჩვენც იმავეს ვხედავთო. რუსეთს, რომელსაც ჩრდილოეთში ორი ატომური სადგური აქვს, ხელი გაუსავსავებია, როგორ გეკადრებათ, ჩვენ ასეთ საქმეს არ ვიზამდით და თუ შეგვემთხვეოდა რამე, თქვენ როგორ არ გაგაგებინებდითო… თუმცა ამ უარყოფას ევროპელები არ დაუმშვიდებია და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსათვის მიუმართავთ, თქვენი ხელშეკრულებების თანახმად ეგებ მოიძიოთ გაჟონვის წყაროო.
🇪🇺 ევროპელები შფოთავენ, კოვიდ-19-მა თავი კვლავ წამოყოო. მეტი ახალი შემთხვევა მომხდარა ჩრდილო ავსტრიაში, ერთ კერძო ადგილას გამწვავდა ინფექცია გერმანიაში, იგივე მოხდა სერბეთსა და ჩეხეთში. ჯერჯერობით ახალ შეზღუდვებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ყველა ქვეყანას უკვე გახაზირებული აქვს ამისათვის საჭირო წესები. პოლიტიკოსების ნაწილი შიშობს, ნაადრევად ხომ არ მოვუფონეთ ხალხს, ნიღაბსაც თითქმის აღარავინ იკეთებსო…
🇩🇪 ბუნესტაგი და ბუნდესრატი – გერმანიის პარლამენტის ორი პალატა – შეთანხმებულან, კოვიდით გამოწვეულ ხელმოკლეობასთან საბრძოლველად ხალხსაც დაეხმარონ – თითოეული ოჯახი თითო ბავშვზე 300 ევროს მიიღებს და დამატებითი ღირებულების გადასახადიც შემცირდება. გერმანელები უკვე ხელგაშლილად შეეწიენ თავიანთ საწარმოებს. ოღონდ მათი ნაწარმი ვიღაცამ ხომ უნდა იყიდოს?! ჰოდა გერმანელების ქისების შევსება ამასაც ისახავს მიზნად.
🇫🇷 საფრანგეთი ამ კვირაში თავის უძველეს, 43 წლის ატომურ ელექტროსადგურს მთლიანად გააჩერებს. 2025-2040 წლებში კი სულაც დაშლის. ასაკისდა მიუხედავად, შარშან ატომური უსაფრთხოების სააგენტომ თქვა, ეს სადგური მშვენივრად გამოიყურებაო. თუმცაღა მისი დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მიიღო და ბატონმა მაკრონმა პირნათლად შეასრულა.
🇪🇸 ამასობაში ესპანეთმა გუშინდელი დღიდან ქვანახშირზე მომუშავე თერმული ქვესადგურების თანდათანობითი დახურვა დაიწყო და ევროპაში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც ქვანახშირის სადგურები აღარ იქნება. ეს საწვავი შედარებით იაფი კია, მაგრამ ჰაერს ფრიად აბინძურებს და ეკოლოგიის მოყვარულ ევროპელებს ძილს უფრთხობს.
🇪🇺🇧🇪ევროპის საბჭოს ბელგია დაუტუქსავს, საჯარო სამსახურში ხელფასების დონეს რომ არ აქვეყნებთ, ამით ევროპის სოციალური ქარტიის იმ ნაწილს არღვევთ, რომლითაც ქალებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის განსხვავების აღმოფხვრის ვალდებულება აიღეთო. მეტიცო, დაუმატებია კანონიერების დაცვის მოდარაჯე ორგანოს: ევროკომისიისა და ჩვენი რჩევა, რომ კანონში აგესახათ თანაბარი ხელფასის ვალდებულება უკვე ორჯერ არ შეასრულეთო.