პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და ქართული ოცნების სხვა წევრების – ირაკლი კობახიძის, ანრი ოხანაშვილისა და დავით მათიკაშვილის მიერ არის ინიცირებული.
კენჭისყრამდე, ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი შესწორებები „ხელშესახებ“ და „ძალიან პროგრესულ“ ცვლილებებს შეიცავს, რომლებიც საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, პარტიების დაფინანსების წესს, მედიასთან და სარეკლამო დროსთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს აერთიანებს.
გუშინვე, კენჭისყრამდე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ (საია) გამოეხმაურა და განმარტა, რომ კანონპროექტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაუმჯობესება სჭირდება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სააგიტაციო მასალის განთავსების შეზღუდვის დისტანცია 25-დან 100 მეტრამდე უნდა გაიზარდოს და იმავე რადიუსში ნებისმიერი „არაუფლებამოსილი“ პირის ყოფნა უნდა აიკრძალოს.
საია-ში მიიჩნევენ, რომ უნდა დაკონკრეტდეს საარჩევნო „აგიტაციის“ ცნება. აგრეთვე, უნდა განისაზღვროს, რომ აგიტაცია სოციალური ქსელის პირადი გვერდის საშუალებით პოლიტიკური მოწოდებების გავრცელებას და წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებასაც გულისხმობს.
ორგანიზაცია ე.წ. „სიჩუმის პერიოდზეც“ ამახვილებს ყურადღებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე აგიტაცია იკრძალება (დარღვევა 2 000 ლარით ისჯება) და აცხადებს, რომ აღნიშნული არჩევნების წინა დღეზეც უნდა გავრცელდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)