ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის მე-13 რაუნდი
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიური დიალოგის მეცამეტე რაუნდი 2 ივლისს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა, სადაც 2019 წლის მაისში წინა დიალოგის შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილეს. მხარეები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესს მიესალმნენ და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი განსაკუთრებული გამოწვევები აღიარეს.
მეცამეტე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ხაზგასმულია ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, ეთნიკური წარმომავლობის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამ თვალსაზრისით, ევროკავშირმა ხაზგასმით გამოყო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლების დარღვევა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ასევე, მუდმივი დაბრკოლებები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების გამოყენების პროცესში ექმნებათ.
ევროკავშირმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის 2019 წლის სექტემბრიდან სრული დახურვის გამო, რამაც „ახალგორის რაიონში კრიტიკული ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს“.
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- აფხაზი ომბუდსმენი გალში მცხოვრებ ქართველთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს
მიესალმა რა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ევროკავშირმა აღნიშნა „ეუთოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) რეკომენდაციებზე დაფუძნებული ამბიციური საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ფართო საპარლამენტო მხარდაჭერით მიღებისა და მისი დროული და ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა“.
ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ „გააგრძელოს ძალისხმევა პოლიტიკაში, ისევე როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობის გასაუმჯობესებლად“.
ევროკავშირმა კვლავ მოუწოდა საქართველოს ძალისხმევისკენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია სრულფასოვანი გახდეს.
ევროკავშირმა ასევე მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს სამოქალაქო საზოგადოების აზრის პოლიტიკის შემუშავების პროცესში ინტეგრირება და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატისა და ახალი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ღირებულ მიმდინარე სამუშაოებს“.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების სფეროში მიმდინარე რეფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების დროს ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომას.
დიალოგის პროცესს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი უძღვებოდნენ.
დიალოგის მომდევნო რაუნდი 2021 წელს თბილისში გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)