კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“: სახელმწიფოს მხრიდან მედიის დასჯის მცდელობა დაუშვებელია
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც ათზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით წარმოებულ გამოძიებას მედიის მიმართ ცენზურის საფრთხედ აფასებს და „სახელმწიფოს მხრიდან მედიის დასჯისა“ და „კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობას დაუშვებლად“ მიიჩნევს.
„არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
კოალიციის წევრი ორგანიზაციების განცხადებით, „სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი“.
კოალიცია მოუწოდებს მთავრობას მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად დირექტივა გასცეს. უფლებადამცველები მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების „დროულად შეჩერებასა“ და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის, პროცესში საგამოძიებო ორგანოს ნაცვლად, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ან „მთავარი არხის“ თვითრეგულირების მექანიზმის ჩართვას ითხოვენ.
ხელისუფლებას კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ჩარევისგან თავის შეკავებისა და მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი რეპრესიების გამოყენებაზე უარის თქმისკენ 3 ივლისს ერთობლივი განცხადებით კიდევ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ (HRC) მოუწოდეს.
მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანას საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტების დარღვევად და მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში „უხეშ ჩარევად“ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ (TIG).
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს იძიებს, რომლის თანახმადაც, მარნეულის მუნიციპალიტეტში მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ.
სუს-ის მტკიცებით, ტელეკომპანიამ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის ინტერვიუები არასწორად განზრახ თარგმნა, რაც სუს-ის შეფასებით, მოსახლეობის სამართლიან პროტესტს გამოიწვევდა და სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას ხელს შეუშლიდა.
სუს-მა გამოძიების ფარგლებში ტელეკომპანიიდან სიუჟეტის სრული და დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის ნებართვისთვის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლომ უწყების ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ასევე წაიკითხეთ:
- სუს-მა „მთავარი არხის“ სიუჟეტის სრული ჩანაწერი გამოითხოვა
- სუს-ი „მთავარი არხის“ რეპორტაჟს საბოტაჟის მუხლით იძიებს
- EMC: მუსლიმი სასულიერო პირი უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდო საბოტაჟის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)