აბიტურიენტები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან საქართველოს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 6 ივლისის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობასაც მიიღებენ, რაც წელიწადში 2 250 ლარს შეადგენს.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებულია, რომ უკვე თვეებია, სოხუმსა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშიერბელი გამშვები პუნქტები ჩაკეტილი აქვთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ის აბიტურიენტები, რომლებიც „ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით“.
2019 წელს ქართულ უნივერსიტეტებში გალის რაიონიდან ის აბიტურიენტები ჩაირიცხნენ, რომელთაც ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, საზღვრის გადმოლახვა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა ვერ შეძლეს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მთავრობებმა გალისა და ახალგორის რაიონებში დარჩენილ ქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება რუსულ ენაზე სწავლებით შეცვალეს.
2018 წელს, შერიგების საკითხებში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ 1990-იან წლებამდე გალის რაიონში 58 სკოლა იყო, მათ შორის, 52 ქართული, 2 რუსული, 3 ქართულ-რუსული და 1 ქართულ-აფხაზური. გალში 1992-1993 წლების ომის შემდეგ დარჩენილი 31 ქართული სკოლა ეტაპობრივად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. 2015 წელს დარჩენილი 11 ქართული სკოლაც გაუქმდა.
ასევე წაიკითხეთ:
- ნადარაია: მთავარი ამოცანა გალელების აფხაზურ ეთნოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა
- მთავრობა აბიტურიენტებს ოკუპირებული რეგიონებიდან სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამას სთავაზობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)