საგანგებო მდგომარეობის პერიოდის სახელმწიფო შესყიდვები „TI საქართველოს“ ანგარიშში
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 7 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდის სახელმწიფო შესყიდვებია შესწავლილი. ანგარიშის თანახმად, საგანგებო მდგომარეობისას – 21 მარტიდან 22 მაისამდე – ქვეყანაში 557 მლნ ლარის ღირებულების 1 495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თქმით, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გამოცხადებულ ტენდერთა რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც. ორგანიზაცია წერს, რომ საგანგებო მდგომარეობისას გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11 316 კონტრაქტი გაფორმდა.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თქმით, სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობისას პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში სულ მცირე 45 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს, რაც პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია.
ორგანიზაცია ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შსს-ს დაქვემდებარებული რამდენიმე უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც კორუფციული რისკების კონტროლს ართულებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციაა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს და რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)