საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 7 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად სასამართლო სისტემაში განხორციელებული დადებითი ცვლილებებისა, არსებული ხარვეზები არ აღმოფხვრილა და მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. „კლანი“ გავლენას კვლავ ინარჩუნებს.
ანგარიშში, რომელიც 2019 წლის მოვლენებს ასახავს, ნათქვამია, რომ მოქმედ ნორმატიულ ჩარჩოში ნებისმიერი ჩარევა, რომელიც არ დაუპირისპირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს, „კლანის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც როგორც ხარვეზებს, ისე პოზიტიურ სიახლეებს საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად იყენებს.
ანგარიში აღნიშნავს, რომ 2019 წელს გახორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა.
გარდა ამისა, საია-ს შეფასებით, სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეები ძირითადად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ხვდებოდნენ. „ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კლანი საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნა რა, რომ „კლანი“ ძირითადად სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შედგება, საია-მ განაცხადა, რომ „ნარჩუნდება სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. „კლანი“ აკონტროლებს რა საბჭოს, ამ მექანიზმს იყენებს თანამდებობაზე მისდამი ლოიალური პირების დასანიშნად და მათი მეშვეობით გავლენის შესანარჩუნებლად“.
ანგარიშის თანახმად, წლებია, სასამართლოების/პალატების/კოლეგიების თავმჯდომარეები საბჭოს ხელში მოსამართლეების გასაკონტროლებელ ინსტრუმენტებად განიხილებიან.
დოკუმენტში სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ცვლილებებზეც არის საუბარი, რომლითაც ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დარეგულირდა. კერძოდ, საბჭოს წევრი ვერ ჩაერთვება განხილვებში, თუ კონკურსში თავადაც მონაწილეობს. საია-ს თქმით, საბჭოს წევრებმა არ შეასრულეს ეს მოთხოვნა, რაც „არასამართლიან და უთანასწორო პირობებს ქმნიდა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)