აშშ საქართველოს მთავრობას დახმარების 15%-ს დემოკრატიის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოუყოფს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 9 ივლისს 29 ხმით 21-ის წინააღმდეგ 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, საქართველომ დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს. თუმცა, ამ თანხის 15%-ის შეჩერება ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15%-ის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, კანონპროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანი შეაფასებს, თუ რამდენად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საქართველოს მთავრობა შემდეგი მიმართულებებით:
- საარჩევნო რეფორმის ეფექტური განხორციელება;
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა, მათ შორის, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევის თვალსაზრისით;
- ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;
- სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
- მთავრობის საქმიანობაზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენის შეზღუდვა.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის განმარტება საქართველოს დახმარების შესახებ
- საქართველო აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების 2021 ფისკალური წლის კანონპროექტში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)