განათლების სამინისტრომ სახალხო უნივერსიტეტის რეფორმირება დაიწყო

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 ივლისი, N156

სახალხო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით დაიწყო სახალხო უნივერსიტეტის საორგანიზაციოთ არჩეულ კომიტეტის სხდომები. კომისიას აზრათ აქვს გამოიმუშავოს რიგი ზომებისა, რომლების სახალხო უნივერსიტეტის საქმეებს გააუმჯობესებს.

გადაწყდა სწავლების სისტემის შეცვლა და საქმის დაყენებაში ცვლილების შეტანა. გადაწყდა სახალხო უნივერსიტეტის ცენტრალური განყოფილების დაარსება, სადაც საერთო განათლების და სპეციალურ საგნებს ასწავლიან. უბნებში მხოლოთ საჯარო ლექციებს გამართავენ. სასწავლებლად საუკეთესოთ განათლებული ძალები იქნება მოწვეული. მათ შორის მოწვეული იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერული ძალები. მსმენელებად უმთავრესად მუშები იქნებიან. ლექციებზე რეგულიარული დასწრება სავალდებულო იქნება. საერთო განათლების განყოფილებაში 3-4 ფაკულტეტი იქნება გახსნილი.

სახალხო უნივერსიტეტის სპეციალური განყოფილების მიზანი იქნება კვალიფიციური მუშების მომზადება და მუშების სპეციალური ცოდნის გაფართოება. სახალხო უნივერსიტეტის გამგეობაში ლექტორთა, სახალხო განათლების სამინისტროს, ქალაქის თვითმმართველობის, პროფესიონალური კავშირების და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შევლენ. განზრახულია პროვინციებში სულ 11 სახალხო უნივერსიტეტის მოწყობა. მათ სათავეში იქნება ტფილისის სახალხო უნივერსიტეტი.