ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ემხრობა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა საინფორმაციო სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ იგი ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რუსეთის პოლიტიკური პარტიის – „სიმართლისთვის“ შემოთავაზებას მხარს უჭერს.
„ჩვენ, ოსები, რუსეთის პატრიოტებიც ვართ, ვინაიდან ის ყოველთვის ჩვენ ისტორიულ სამშობლოდ მიგვაჩნდა“,- განაცხადა ბიბილოვმა 14 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში და დასძინა: „მე ორივე ხელით ვემხრობი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, როგორც პრეზიდენტი და როგორც ოსი“.
იმავე შემოთავაზებაზე ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერების კრიტიკის საპასუხოდ, ბიბილოვმა განაცხადა: „თითოეულ რესპუბლიკას შემდგომი განვითარების საკუთარი გზა და საკუთარი არჩევანი აქვს. მე მხოლოდ ჩემი ხალხის სახელით საუბრის უფლება მაქვს“.
„სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფება ყოველთვის იყო რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ოსი ხალხის გაერთიანება. ამას გარდა, სწორედ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, რაც ჩემი პლატფორმის საფუძველია, მისცა ხმა ოსმა ხალხმა სახელმწიფოს მეთაურის ბოლო არჩევნებზე“, – განაცხადა მან.
მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ კვირაში აღიარა. დღემდე ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.
ასევე წაიკითხეთ:
- აფხაზები გმობენ რუსული პარტიის შეთავაზებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე
- აფხაზეთისა და ცხინვალის „პრეზიდენტებმა“ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების პლებისციტში მისცეს ხმა
- FSB-ს ყოფილი უფროსის თქმით, შამილ ბასაევი აფხაზეთში რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)