სოხუმიდან და გუდაუთიდან მთავრობას ბათუმის დაბრუნებას ულოცავენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 ივლისი, N157
პროვინცია
სოხუმი. სოხუმის ქალაქის საბჭომ, არაჩვეულებრივ სხდომაზე ერთხმად დაადგინა: ქალაქის მცხოვრებთა სახელით მიულოცოს მთავრობას, ჯარს და გვარდიას, რომლებმაც თავისი ბრძნული პოლიტიკით შესძლეს საქართველოს გაერთიანება მის მცხოვრებთა საკეთილდღეოდ.
გუდაუთა. გუდაუთის ქალაქის თვითმმართველობამ, სახალხო გვარდიის შტაბმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტმა საერთო კრებაზე დაადგინეს მიულოცონ საქართველოს თავისუფალ ხალხის და მისი მიწების შემომკრებ ბელადს ნოე ჟორდანიას.
ჭიათურა. შავი ქვის მრეწველთა ყრილობამ დაადგინა მიესალმოს მთავრობას და მთელ საქართველოს ხალხს ბათომის და მისი ოლქის დაბრუნების გამო.
ონი. ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებთა და სახალხო გვარდიელთა მრავალ რიცხოვანმა მიტინგმა დაადგინა მიესალმოს მთავრობას, ქართველ დემოკრატიის წინამძღოლთ, ქართველი ხალხის ახალი გამარჯვების გამო.
საგარეჯო. 12 ივლისს იოსებ იმედაშვილმა მრავალ რიცხოვან კრებას ვრცელი სიტყვით მოახსენა საქართველოს მდგომარეობა, ბათომის უსისხლოთ შემოერთება, მთავრობის გონიერი მოქმედება და ჩვენი დროშის აფრიალება რაც საზოგადოებამ უზომო აღფრთოვანებით მოისმინა. საგარეჯოს დამსწრე საზოგადოების ყრილობა სალამს უძღვნის ჩვენს სასახელო მთავრობას, ჯარს, გვარდიას. ამაყობს თქვენით, აღთქმას სდებს ყოველთვის თქვენთან იყოს ჩვენის სამშობლოს აღორძინების საქმეში. საგარეჯოს დრამატიული საზოგადოების გამგეობა.