ზალკალიანი ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 13-14 ივლისს ბრიუსელში კორონავირუსის პანდემიის ფონზე გამართული პირველი ვიზიტის დროს ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით ზალკალიანი სამშაბათს, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა, სადაც მხარეებმა „კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს“.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ ერთგულებისა და ავღანეთში ნატოს მისიაში ქვეყნის წვლილისთვის“.
მიესალმა რა საქართველოს ძალისხმევას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, „ნატო და საქართველო თანამშრომლობის გაფართოებას განაგრძობენ“.
მისივე თქმით, ნატო კვლავ აღმოუჩენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოს მის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გზაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ნატო საქართველოს „ახლო პარტნიორად“ მიიჩნევს, მხარს უჭერს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და აფასებს მის წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოებაში.
A meaningful meeting with @Mircea_Geoana, introducing @Dolidzevictor as 🇬🇪’s new ambassador to NATO. NATO hails 🇬🇪 as a close partner, supports its Euro-Atlantic aspirations/enhancement of practical cooperation & values 🇬🇪’s engagement in/contribution to Black Sea security pic.twitter.com/VVHU06yIJI
— David Zalkaliani (@DZalkaliani) July 14, 2020
ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანმა ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით მიმართა.
კომისიის შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო აფასებს მისი პარტნიორების მიერ საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერას.
„მოკავშირეები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია და გმობენ რუსეთის ოკუპაციასა და მის უკანონო ქმედებებს ჩვენს რეგიონებში“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.
ზალკალიანის თქმით, ბრიუსელში მას „შესანიშნავი შეხვედრა“ ჰქონდა ევროკომისართან სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელისთან.
აღნიშნა რა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას, ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა, რომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყნის მიერ კრიზისის მართვამ. „მოუთმენლად ველი წინადადებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის ფორმირების თაობაზე“, – დაწერა მან Twitter-ზე.
ზალკალიანმა და ვარჰელიმ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, ასევე კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები განიხილეს. მათ 11 ივლისს, ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტზეც იმსჯელეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)