პროკურატურამ ენმ-ის წევრს ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარუდგინა

გენერალურმა პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრსა და რაჭა-ლეჩხუმის ყოფილ გუბერნატოს ოთარ სირაძესა და მის ძმას, 4 ივლისს, რაჭაში, სამოქალაქო მოძრაობა „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტთან, ნიკოლოზ ღლონტთან ფიზიკური დაპირისპირების დროს ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 ივლისს, ოთარ სირაძემ და მისმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნიკოლოზ ღლონტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

საგამოძიებო უწყება სირაძეებს ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაჭაში 4 ივლისს მომხდარი ჩხუბის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში იმავე დღეს „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტმა მარიამ ვაწაძემ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ოთარ სირაძესა და ნიკოლოზ ღლონტს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორი „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრს ურტყამს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)