IPRM -ის თანათავმჯდომარეები ერგნეთის შეხვედრების განახლების შესახებ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკამ 21 ივლისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, მათ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 96-ე შეხვედრის ჩასატარებლად მზადება დაიწყეს, რომელიც 30 ივლისს გაიმართება.

ერგნეთის შეხვედრები გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, მას შემდეგ არის შეჩერებული, რაც წინა შეხვედრაზე, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისს ახლადმოწყობილი ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმების შესახებ ულტიმატუმი წაუყენეს და შეხვედრა დატოვეს.

მარეკ შჩიგელმა და რუდოლფ მიხალკამ განაცხადეს, რომ გასული კვირების განმავლობაში, მათ „ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატის განახლების შესაძლებლობის გამონახვისთვის“ ინტენსიური კონსულტაციები ჰქონდათ.

ხაზი გაუსვეს რა „დიალოგის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის“, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს მიესალმებიან.

ისინი მონაწილეთა მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებასაც აღნიშნავენ.

ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული მოვლენები

IPRM-ის თანათავმჯდომარეებმა განცხადება ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე დაძაბულობის ზრდის ფონზე გაავრცელეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 ივლისს „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლებამ“ საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის – ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „უშიშროების სამსახურმა“ 16 ივლისს განაცხადა, რომ 3 ივლისს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის საქართველოს დაკავებული მოქალაქე რეგიონში გადასვლას ლუგარის ლაბორატორიისთვის ღამურების შეგროვების მიზნით ცდილობდა. თბილისმა ცხინვალის ბრალდებას „მოგონილი“ და „დადგმული პროვოკაცია“ უწოდა.

ერთი დღით ადრე, 15 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „შეშფოთებით“ აღნიშნა, რომ „ბოლო დროს, საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონო გადაკვეთა სულ უფრო გახშირდა“. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტები „პროვოკაციული ხასიათისაა“.

11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ზაზა გახელაძე ჯერ დაჭრეს და შემდეგ დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის „პროკურატურამ“ განაცხადა, რომ გახელაძემ „ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ერთ-ერთი მესაზღვრის მიმართულებით სულ ცოტა, ხუთჯერ გაისროლა“. ოკუპირებულმა ცხინვალმა 18 ივლისს განაცხადა, რომ დაკავებული გახელაძე კარანტინში მოათავსეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გახელაძის დაჭრა და დაკავება დაგმო და მას „სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი პროვოკაციებსა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.

გახელაძის ოჯახმა ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ იგი საოკუპაციო ძალებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 150 მეტრის სიღრმეში – სხვილოს ციხის მახლობლად, სოკოს კრეფის დროს დააკავეს.

ცხინვალმა გახელაძის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ერთადერთმა სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს სასარგებლოდ მიკერძოებული განცხადებები გააკეთა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)