დამფუძნებელი კრებამ შრომის კანონმდებლობა შეიმუშავა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 22 ივლისი, N163
შრომის ხელშეკრულება
მუშათა კანონმდებლობა მეტათ სუსტობდა ჩვენში. ამას ერთხმათ ამბობდა ყველა. ეს სწორიც არის და არც არის სწორიც.
სწორია იმ მხრივ, რომ ჩვენ პარლამენტს და დამფუძნებელ კრებას მართლაც არ გამოუცია კანონები მუშათა კლასის შესახებ. სამაგიეროთ მუშათა მდგომარეობა სავსებით უზრუნველყოფილი იყო უკვე პარლამენტის მოწვევამდე გამოცემული დეკრეტებით. მიღება-დათხოვნა, ხელფასის განსაზღვრა, ხელშეკრულების დადება და ასრულება, მომრიგებელი კამერა და სხვა დაწესებულებანი, რომელთა მიზანია მოწესრიგება შრომის და კაპიტალის ურთიერთობის, თავიდანვე იყო შემოღებული უმეტესად რევოლიციური გზით და რევოლუციური კანონმდებლობით.
მაგრამ რატომ აქამდე ვერ მოიცალა საკანონდებლო კრებამ მუშებისათვის, მუშათა სახელმწიფოში.
სწორეთ იმიტომ, რომ ეს იყო მუშათა სახელმწიფო. ესე იგი მუშათა კლასის პოლიტიკური ბატონობის სამეფო.
ასეთ პირობებში, ე. ი. როცა ახალი კლასი სდგება საზოგადოების პოლიტიკურ სათავეში – პირველი და მთავარი საკითხია ამ პოლიტიკურ იარაღით სარგებლობა – თავის ბატონობის ეკონომიური საფუძვლის გასამაგრებლად და გასამტკიცებლად, რადგან მხოლოდ ასეთ ეკონომიურ გამაგრებას შეუძლია გადატრიალებას მტკიცე ხასიათი მისცეს და მკვიდრი გახადოს.
მუშათა კლასის მდგომარეობა კი ისეთია, რომ მისი მუშაობა ეკონომიური გარდაქმნისათვის ხანგრძლივი რევოლუციური მუშაობაა, იგი ერთი და იმავე დროს ანგრევს და აშენებს.
კანონმდებლობითი გზა კი ამისთვის იმდენათ შესაფერი და გამოსადეგი არაა.
ბრძოლის წარმავალი მომენტები შეიძლება აღინიშნოს და ჩამოყალიბდეს პატარა ნოველებით, დეკრეტებით, მაგრამ არა ფართო საკანონმდებლო აქტებით. ამით აიხსნება მაგალითად ის, რომ აგრარული კანონები – ეს უდიდესი რეფორმა, რომელიც განახორციელა ჩვენმა რევოლუციამ, რამდენიმე მუხლიან კანონშია მხოლოდ ჩამოსხმული.
რევოლუცია ცვალებადობის სინონიმია, იგი აქტუალობაა და არა მხოლოდ კანონმდებლობა. კანონმდებლობას უჭირს მისი ფორმებში ჩამოსხმა. კანონმდებლობა მხოლოდ ზოგიერთ მის ეტაპებს აღნიშნავს, აყალიბებს. მუშათა მდგომარეობა, როგორც ეკონომიური კატეგორიის, ასეთსავე სურათს იძლევა. აქ ხდება უდიდესი რევოლუცია – მუშა მონა – იქცევა მუშა მოქალაქეთ. მუშა ხაზეინის მორჩილი, წარმოების ერთ-ერთ შეგნებულ, აქტიურ მამოძრავებელ ძალათ ხდება. მანქანის დამატებათ ყოფილი, მანქანის ამსულდგმულებლათ იქცევა. და ასე იჭედება შრომის კონსტიტუცია. ასე ხდება დემოკრატიზაცია საწარმოო ურთიერთობაში.
ხაზეინი აღარ არის ბატონი. და მფლობელი მუშისა. ის არის მხოლოდ მესაკუთრე მანქანის, რომელთანაც სდგას და მოძრაობს თავისუფალი მოქალაქე, მასზე არა ნაკლებ დაინტერესებული წარმოების განვითარებაში.
მექარხნეს უნდა მოგება და ამ მოტივით ხელმძღვანელობს. მუშას უნდა ხელფასი, მარა ამასთანავე წარმოების განვითარება, საზოგადოებრივი სიმდიდრის დაგროვება, ქვეყნის აყვავება ეკონომიურათ. ე. ი. ის, რასაც წინეთ კაპიტალისტები თავის კეთილ გულს და „კულტუროსან“ ბუნებას აწერდა.
მუშა ხდება საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი და განმხორციელებელი. მაშასადამე იგი უნდა იყოს სათანადო ადგილზე დაყენებული.
ქარხანა უნდა გახდეს ისეთსავე დემოკრატათ თავისი მოწყობით, როგორც რესპუბლიკა პოლიტიკურ სფეროში. და მთავარ მამოძრავებელ ძალათ მუშისა უნდა შეიქმნას არა მათრახი და შიში ქუჩაში გაგდების, არამედ შეგნებული სამსახური საზოგადოდ საერთო წარმატების, რომელიც იმავე დროს არის წარმატება თვით მისიც.
ბურჟუაზიული იდეოლოგიები, ვაჭრულ ფსიხოლოგიის მატარებელნი ისტერიკულ ყვირის მართავენ – „უგუნურ“ მუშას ასეთ იდეალურ თვისებებს ვაწერთ. მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე მამოძრავებელი მოტივი გარეშე პირადი, ინდივიდუალური ეგოიზმისა. წმინდა საზოგადოებრივი, კოლექტიური მოტივი მათთვის უცნობია.
მარა ეს უცნობი არაა მუშებისათვის. მუშათა კანონმდებლობის ის პროექტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი დამფუძნებელ კრებაში და რომელსაც „შრომის ხელშეკრულება“ ეწოდება, სწორეთ ამ პრინციპზე არის აგებული. ამით იგი რევოლუციურ სულს ატარებს. ახალ საფუძველს ქმნის შრომის მდგომარეობისათვის წარმოებაში.
იგი ყველას თავის უფლებას და მოვალეობას უნერგავს, თვითნებობას პირველად შეხედულებას ლაგამს სდებს და გარკვეულ კალაპოტში აყენებს. ამით იგი მიილტვის სრული თავისუფალი შრომისაკენ. ამით იგი ემსახურება დამოუკიდებელ შრომისათვის ნიადაგის მომზადებას და იგი იმავე დროს ქმნის თვით წარმოებისათვის საუკეთესო პირობებს ნაყოფიერი შრომისა და წარმატებისათვის, რამდენადაც კი ეს შესაძლებელია კაპიტალის არსებობის ხანაში. იგი მუშათა გაუმჯობესების გზით მიდის შრომის სამეფოსკენ.
აი ასეთია აზრი და მიზანი „შრომის ხელშეკრულების“ ძირითადი დებულების.