გალის აფხაზურ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 21 ივლისს გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელად 49 წლის კონსტანტინ ფილია დანიშნა.
თანამდებობაზე ფილიამ ომარ ბგანბა შეცვალა, რომელიც გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ბჟანიას წინამორბედმა, რაულ ხაჯინბამ 2019 წლის დეკემბერში დანიშნა.
2012 წლიდან მოყოლებული, ფილია სოხუმის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე იყო. მანამდე, 1992-93 წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, იგი ქართული მხარის წინააღმდეგ იბრძოდა.
აფხაზური კანონმდებლობის თანახმად, რაიონის ადმინისტრაციის უფროსს პრეზიდენტი ნიშნავს. ადგილობრივ მოსახლეობას კი, რაიონული საკრებულოს არჩევის უფლება აქვს, თუმცა გალელებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკანასკნელად 2011 წელს მიიღეს. 2014 წელს, რაიონის მოსახლეობისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, სოხუმი გალში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვერ ატარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ გალის რაიონის ტერიტორია აფხაზეთის ადმინისტრაციის პირობებში ბევრად ნაკლებია, ვიდრე გალის მუნიციპალიტეტის ტრადიციული ტერიტორია, რომელსაც საქართველო დღესაც აღიარებს. 90-იანი წლების შუა პერიოდში, აფხაზებმა გალისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების ხარჯზე ახალი – ტყვარჩელის მუნიციპალიტეტი ჩამოაყალიბეს. აფხაზების მმართველობის პირობებში, გალის მუნიციპალიტეტის ნაწილი, კერძოდ, მეტწილად ქართველებით დასახლებული სოფელი აჩიგვარა ასევე ოჩამჩირის რაიონს შეუერთეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)