საქართველო Frontera Resources-თან ხელშეკრულებას არ შეწყვეტს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 23 ივლისის განცხადებით, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ (Frontera Resources) ხანგრძლივი დავის მოგების მიუხედავად, ქვეყანა კომპანიასთან ხელშეკრულებას არ გაწყვეტს.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით არის განპირობებული. კერძოდ, მთავრობას სურს, შეინარჩუნოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია; არ დაუშვას, რომ „ფრონტერასთან“ არსებული „რუტინული კომერციული დავა“ აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ გამოიყენონ.

ამასთან, სამინისტრო აცხადებს, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერას“ საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით“.

აშშ-ში დაფუძნებული კომპანიის საქმიანობის გარშემო არსებულმა უთანხმოებამ გავლენა იქონია ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით, რამდენიმე ამერიკელმა კანონმდებელმა საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკული წერილები გამოუგზავნა, რომლებშიც ისინი აცხადებდნენ, რომ „ფრონტერა“  საქართველოს მხრიდან იდევნებოდა.

ეკონომიკის სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ ამგვარი მიდგომით საქართველოს „ფრონტერასთან“  „ღია და გამჭვირვალე“ ურთიერთობის შენარჩუნებას ესწრაფვის, რისთვისაც ასევე „სასურველია, კომპანიამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი გაასაჯაროვოს“.

მთავრობის გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ განაცხადა, რომ 53 წლის ავთანდილ ონანაშვილმა, რომელიც კომპანიაში მუშაობდა, 14 თვის ხელფასის გადაუხდელობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მაისის დასაწყისში, ამერიკელ კანონმდებელთა მიერ „ფრონტერაზე“ გამოთქმული მოსაზრებების პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს „რისკის ქვეშ“ ვერცერთი კომპანია დააყენებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)