24 ივლისი, 1920 წელი: გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო ბანკი
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 ივლისი, N167
საქართველოს სახელმწიფო ბანკი გაიხსნა
შაბათს, ივლისის 24, სახელმწიფო ბანკის გახსნას დაესწრო მთავრობის წევრები: შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის აღმსრულებელი სიმონ ავალიანი [მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი მთავრობის მიერ ევროპაში იყო მივლენილი ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძე, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ალექსანდრე ლომთათიძე, სენატის ბრალმდებელი გელაზაროვი, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და დამფუძნებელი კრების წევრები.
როდესაც მოწვეულნი შეიკრიბენ, სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ ნიკო ელიავამ ბანკის საბჭოს და გამგეობის შეერთებული სხდომა გახსნილად გამოაცხადა, რის შემდეგაც მან მოკლედ გააცნო დამსწრეთ სახელმწიფო ბანკის წარმოშობის ისტორია.
დასასრულს წაიკითხეს დამფუძნებელი კრების მიერ არჩეული სახელმწიფო ბანკის საბჭოსა და გამგეობის წევრები:
საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად არჩეულია სიმონ მდივანი, წევრებათ: გიორგი ჟურული, ბერელაშვილი, [იესე] ბარათაშვილი, [ნიკოლოზ] ჭიჭინაძე, [კონსტანტინე] მესხი, [დიომიდე] თოფურიძე და მათ გარდა ფინანსთა სამინისტროს ორი წარმომადგენელი – ჟორჟოლაძე და ჩხეიძე;
ბანკის გამგეთ არჩეულია იასონ ლორთქიფანიძე [ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], გამგის ამხანაგად რ. დუმბაძე, გამგეობის წევრებად მენაბდე და კილაძე.
შემდეგ ბანკის ორგანიზაციულ მუშაობის შესახებ მოხსენება გააკეთა იასონ ლორთქიფანიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ბანკის გასახსნელად საჭირო ორგანიზაციული მუშაობა დასრულებულია და ამიტომ იგი თხოულობს ოპერაციების უფლებას. ამ განცხადების შემდეგ საბჭო ერთხმად ადგენს ბანკის მოქმედების დაწყებას, საბჭოს ამ დადგენილებას აცხადებს ნიკო ელიავა. შემდეგ სიტყვით გამოდის კვლავ იასონ ლორთქიფანიძე, რომელმაც საერთოდ დაახასიათა ის მძიმე პირობები, რომლებშიაც უხდება ბანკს პასუხსაგებ მუშაობის დაწყება და აღნიშნა ბანკის მოქმედების პროგრამა, რომლის მიზანს შეადგენს რესპუბლიკის ვაჭრობის და მრეწველობის განვითარებას.
მოკლე მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს დამფუძნებელი კრების სახელით ალექსანდრე ლომთათიძემ, რომელმაც რწმენა გამოსთქვა, რომ ბანკი გაამართლებს იმ იმედებს, რომლებსაც მასზე ამყარებს რესპუბლიკა. მთავრობის სახელით ბანკის საბჭოს და გამგეობას მიესალმა ნოე რამიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისე, როგორც რესპუბლიკის ძლევამოსილმა გვარდიამ და ჯარმა უზრუნველყო ერის ფიზიკური არსებობა, ის ბანკმა უნდა განამტკიცოს რესპუბლიკის ეკონომიური კეთილდღეობაო. ყოველ შემთხვევაში მთავრობა სახელმწიფო ბანკს თავის დახმარებას პირდება. სიმონ ავალიანმა აღნიშნა, რომ ამ ჟამად, როდესაც იქმნება ახალი სამეურნეო დამოკიდებულებანი, სახელმწიფო ბანკმა მიზნად უნდა დაისახოს საზოგადო ინიციატივისა და საზოგადო მეურნეობისათვის დახმარების აღმოჩენა. დასასრულს სიმონ ავალიანმა იმედი გამოსთქვა, რომ ბანკი სწორედ საზოგადოებრივ აღმშენებლობის გზით წავაო. ცენტრობანკის გამგეობის თავმჯდომარემ პართენ გოთუამ, როგორც ბანკის საბჭოს და გამგეობას საკრედიტო დაწესებულებების სახელით მიესალმა, იმედი გამოსთქვა, რომ ბანკი არ დაივიწყებს არც კერძო ინიციატივას და მას შესაფერ დახმარებას აღმოუჩენსო.
დასასრულს გადაწყდა მისასალმებელი დეპეშის გაგზავნა მთავრობის თავმჯდომარისა, დამფუძნებელი კრებისა და ფინანსთა მინისტრის კანდელაკის სახელზე. ამის შემდეგ საბჭოს და გამგეობის შეერთებული სხდომა დახურულად გამოაცხადეს. ბანკმა თავისი ოპერაციები დაიწყო.